მედიის პროტესტი მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგის დროს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებმა „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო პროტესტი გამოხატეს.

ჟურნალისტებმა გამომსვლელის, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას ბრიფინგის დაწყებამდე განაცხადეს, რომ უნდა დაისაჯონ დამნაშავეები.

ამასთან, ბრიფინგისთვის მოწყობილი ტრიბუნის ქვეშ განათავსეს თეთრი ფურცელი, რომელზეც დააწერეს, რომ „პრემიერ-მინისტრი“ უნდა გადადგეს“.

შეგახსენებთ, ,,ტვ პირველის“ ოპერატორი, რომელიც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მსხვერპლი გახდა,11 ივლისს გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

„ტვ პირველის" ოპერატორს დღეს დაკრძალავენ.