ლექსო ლაშქარავა უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს

,,ტვ პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საცხოვრებელი ბინიდან კოლეგებმა ტაშის ფონზე გამოასვენეს. ის უკვე ჯიქიას სასაფლაოსთან მიასვენეს, სადაც მამის გვერდით დაკრძალავენ.

ოპერატორის დაკრძალვაზე სხვადასხვა პროფესიისა და სფეროს წარმომადგენლები იმყოფებიან.

როგორც ნიკა მემანიშვილმა განაცხადა, ნამდვილი დემოკრატია, თუკი ის ნამდვილად არსებობს, დღეს ჟურნალისტებზე დგას.

,,მე გამომიყვანა უსამართლობამ და ტკივილმა. თან ყველაფერთან ერთად, ლექსოსა და ჟურნალისტების ძალიან დიდმა სიყვარულმა. მე ვფიქრობ, რომ სწორედ მათზე დგას დღეს ნამდვილი დემოკრატია, თუკი ის ნამდვილად არსებობს", - განაცხადა მემანიშვილმა.

„ტვ პირველის“ საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების ხელმძღვანელმა, ინგა გრიგოლიამ განაცხადა, რომ ლექსო ლაშქარავას დაკრძალვის დღეს არანაირი საპროტესტო აქცია არ იქნება და ეს დღე სრულად გარდაცვლილ ოპერატორს მიეძღვნება.

მისივე თქმით, სიმართლით დაუპირისპრიდებიან პროპაგანდის მანქანას, რომელიც სიბინძურეებს უვრცელებს ლექსო ლაშქარავს.

„არ ვიცი, გულგრილად როგორ უნდა შეხედონ კადრებს, რომლებსაც ჩვენ ვუყურებდით, ტაშით გამოცილებული ჩვენი კოლეგა და კორპუსებიდან ხალხი ტაშს რომ უკრავდა. მინდა, ეს დღე მთლიანად დავუთმო ჩვენს ლექსოს, ხოლო როგორი არის გაბრაზებული მედიის ძალა, ამას უკვე ძალიან მალე დაინახავს ყველა. პროპაგანდის მანქანას, რომელიც სიბინძურეებს უვრცელებს ჩვენს გარდაცვლილ კოლეგას, ჩვენ სიმართლით დავუპირისპირდებით.

როდესაც მისი ცხედარი მოიტაცეს, იმ დილითვე მივხვდით ყველანი, რომ რაღაც ვერსიას ამუშავებდნენ, მაგრამ ასეთი სიბინძურე თუ წავიდოდა გარდაცვლილი ადამიანის მიმართ, მეც კი, მრავლისმნახველი ადამიანი, ვერ წარმოვიდგენდი“, - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

შეგახსენებთ, ,,ტვ პირველის“ ოპერატორი, რომელიც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მსხვერპლი გახდა,11 ივლისს გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

.