გვაჩვენეთ კადრები და თუ რაიმე პასუხისმგებელობა გამოიკვეთება სასულიერო პირების ან ვინმეს მიმართ, ვინც უკავშირდება საპატრიარქოს, აუცილებლად მივიღებთ ზომას, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს, 5-6 ივლისს თბილისში გავითარებული მოვლენების შეფასებისას განუცხადა.
მისი თქმით, ყველა, მათ შორის ელჩები, გააფრთხილეს, რომ ის რაც დაგეგმილი იყო, შეიცავდა გარკვეულ საფრთხეებს.
"მე არ ვამბობ, რომ რაიმე გამართლება აქვს იმ ძალადობას, იმ საშინელებას, რაც ვნახეთ. სრულიად წარმოუდგენელი რამეა და ვერავინ ამას წინასწარ ვერ გათვლიდა, ვერ წარმოვიდგენდით, რომ ჟურნალისტებზე იქნებოდა ასეთი აგრესია... თქვენ ეტყობა არ გინახავთ ჩვენი განცხადებები. გავრცელდა საპატრიარქოს დაახლოებით 5 ან 6 განცხადება მშვიდობისკენ მოწოდებისა.
მამა შალვა კეკელიამ პირდაპირ ტრიბუნიდან გამოაცხადა, რომ მოხდა ინციდენტი ჟურნალისტებთან დაკავშირებით და მოუწოდა ყველას მშვიდობისაკენ. ამის გარდა, იყო საპატრიარქოს გვერდზე გავრცელებული დაახლოებით 5 განცხადება.
წინასწარაც გავაკეთეთ ამის შესახებ განცხადება და ვაფრთხილებდით ყველას, რომ ასეთი ესკალაცია შეიცავდა გარკვეულ საფრთხეებს. რამდენი განცხადება გავაკეთეთ, ყველას ვაფრთხილებდით, საელჩოებს ვაფრთხილებდით ასევე, ვაფრთხილებდით „პრაიდის" მონაწილეებს, სახელმწიფოსაც და ზოგადად ყველას. ბოლო დღემდე მოვუწოდებდით, რომ „პრაიდი" გაუქმებულიყო და ყველას ეგრძნო პასუხისმგებელობა. ნახეთ ჩვენი განცხადებები, იქ არის მრევლისადმი მოწოდება.
გვაჩვენეთ კადრები და თუ რაიმე პასუხისმგებელობა გამოიკვეთება სასულიერო პირების ან ვინმეს მიმართ, ვინც უკავშირდება საპატრიარქოს, აუცილებლად მივიღებთ ზომას", - განაცხადა ჯაღმაიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, იზიარებს თუ არა მეუფე ანტონის განცხადებას, რომ მედიის ბრალია 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენები, ჯაღმაიძემ უპასუხა:
"ეს ჟურნალისტები ბრალი არ არის. ვფიქრობ, თქვენი ბრალი არ არის ეს. ბრალი არის თქვენი რედაქციებისა. მინდა, მოსახლეობამ უბრალოდ მოიკითხოს, ვინ არიან იმ ტელევიზიის მფლობელები, რომლებსაც თქვენ წარმოადგენთ. ახალგაზრდა ჟურნალისტებს უშვებენ დავალებებით და თვითონ ვინ არიან? რა მოტივაცია აქვთ? მე არ ვამბობ, რომ რაიმე გამართლება აქვს იმ ძალადობას, იმ საშინელებას, რაც ვნახეთ. სრულიად წარმოუდგენელი რამეა და ვერავინ ამას წინასწარ ვერ გათვლიდა, ვერ წარმოიდგენდით, რომ ჟურნალისტებზე იქნებოდა ასეთი აგრესია. არ ვიცი, რითი უნდა ავხსნათ ეს. სხვა საქმეა, როდესაც მე ვსაუბრობ ტელევიზიების რედაქციებზე, ვგულისხმობ ყველაფერ იმას, რაც ბოლო დღეებში, აი, ამ პერიოდში, მიტინგებზე ხდება, საშინელი აგრესია და სიძულვილი, სიმყრალე, თუ შეიძლება ითქვას, ყველაფერი გაისმა ეკლესიის მიმართ".
ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ 5 ივლისს განვითარებულ ძალადობრივ შემთხვევებზე საპატრიარქო პასუხისმგებლობას არ გრძნობს.
ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სასულიერო პირები ძალადობრივ მოწოდებებს არ აკეთებდნენ და ასეთი "მხოლოდ ერთი იყო", თემაზე საუბრისას ასევე გამოეხმაურა მეუფე იაკობის განცხადებებსაც, რომელიც 5 ივლისს ძალადობაში ჟურნალისტებს ადანაშაულებდა: "მერე, რა რომ მეუფე იაკობი რუსთაველზე იყო, მეც ვიყავი რუსთაველზე"- თქვა ჯაღმაიძემ.
მისივე თქმით, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციები საპატრიარქოს მიმართ ძალადობაა.
"საპატრიარქომ რატო უნდა იგრძნოს ამაზე პასუხისმგებლობა?... ძალადობას ახლა ვხედავთ ამ დღეებში რაც ხდება იმ მიტინგზე, ვერ ხედავთ რა ხდება? იქ არის ძალადობა. საპატრიარქოს მიმართ არის აღუწერელი სიძულვილის ენა",- თქვა ჯაღმაიძემ.