პრეზიდენტ მაკრონის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, საფრანგეთში ერთ დღეში მილიონზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა ვაქცინაციისთვის

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ერთ დღეში ქვეყნის მილიონზე მეტი მოქალაქე ვაქცინაციის პორტალზე პირველი დოზით ასაცრელად დარეგისტრირდა. ინფორმაციას La Repubblica ავრცელებს.

მაკრონის თქმით, საფრანგეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებისთვის სავალდებულო გახდება და ვაქცინაცია სავალდებულო იქნება ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც მოწყვლადი ჯგუფების პაციენტებთან უწევს კონტაქტი. როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა აღნიშნა, 15 სექტემბრიდან ამოქმედდება კონტროლი და სანქციები.

„ახლა თუ არ ვიმოქმედებთ, ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი გაიზრდება“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა მიმართვისას.

ამას გარდა, ემანუელ მაკრონის მიერ გამოცხადებული ახალი წესების თანახმად, მატარებლით მგზავრობისა და კინოთეატრებში შესვლის მსურველებმა ასევე უნდა წარადგინონ კორონავირუსის ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი ან ტესტის ნეგატიური პასუხი.

„ჩვენ უნდა გადავიდეთ ყველა ფრანგის ვაქცინაციაზე, ეს ერთადერთი გზაა ნორმალური ცხოვრებისკენ“, - აღნიშნა მაკრონმა.

როგორც La Repubblica წერს, Doctolib- ის ვებგვერდზე ვაქცინაციით ასაცრელად მსურველების,,აბსოლუტური რეკოდული" მაჩვენებელი დაფიქსირდა.