რა შემთხვევაში დადგება დღის წესრიგში ბავშვების ვაქცინაცია

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, თსსუ პროფესორი, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე Europetime-თან საუბრისას განმარტავს, რა შემთხვევაში დადგება დღის წესრიგში საქართველოში ბავშვების ვაქცინაცია.

,,ბავშვებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება დადგება დღის წესრიგში მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც გვექნება ყველა ასაკობრივ ჯგუფზე ინფორმაცია და არა მხოლოდ 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფზე", - ამბობს ჩხაიძე.

ცნობისთვის, დღეს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემდეგ პარტიაზე რეგისტრაციის ასაკი 18-დან 16 წლამდე დაიწევს.

„ამ ეტაპზე ჯავშნები იქნება 18 წლის ზემოთ, მაგრამ იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება უკვე არსებობს, რომ Pfizer-ზე ასაკი დაიწევს 16 წლის ზემოთ. ეს გაფორმდება მომავალ კვირის განმავლობაში მინისტრის ბრძანებით და უკვე მეორე პარტია რომ შემოვა ქვეყანაში, იქ უკვე ასაკი იქნება 16 წლის ზემოთ. ზედა ზღვარი არ არის“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ბავშვებში ინფიცირების ზრდის ტენდენციაა.

„ზოგადად, ტენდენცია გვაქვს ბავშვებში ინფიცირების ზრდის და ეს ეტყობა ჰოსპიტალური დატვირთვის მაჩვენებლებს, ამიტომაც მოვუწოდებთ მშობლებს, რომ ყველა ავიცრათ, რათა ბავშვებს ინფექცია არ გადავდოთ. ზრდის ტენდენცია არის, თუმცა ყველას "დელტა" შტამი არ აქვს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ივანე ჩხაიძე: კორონავირუსისგან ბავშვების დაცვა შესაძლებელია მხოლოდ ოჯახის უფროსი წევრების ვაქცინაციით