საფრანგეთის ელჩი: მნიშვნელოვანია, ადამიანის უფლებების ცენტრალური ადგილის შეხსენება იმ დროს, როცა ქართულ საზოგადოებაში დიდი დებატებია

საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი ქვეყნის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით გავრცელებულ მიმართვაში დემოკრატიის უზრუნველსაყოფად ფუნდამენტური უფლებების მნიშვნელობაზე საუბრობს.

„დღეს ჩვენი ეროვნული დღესასწაულია, ყოველ 14 ივლისს აღვნიშნავთ ბასტილიის აღების დღეს, საფრანგეთის რევოლუციის დაწყებას. ეს ღირშესანიშნავი თარიღი განასახიერებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიის ხელშეწყობას ჩვენს დიპლომატიურ საქმინობაში.

მნიშვნელოვანია, ადამიანის უფლებების ცენტრალური ადგილის შეხსენება იმ დროს, როცა ქართულ საზოგადოებაში დიდი დებატებია; იმ დროს, როცა ურყევია ჩვენი სურვილი, დავეხმაროთ საქართველოს, გააგრძელოს ევროპულ ქვეყნად ძირეული გარდაქმნის პროცესი, იმ დროს, როცა ეს სურვილი გამოიხატება საქართველოს მიმართ ისეთ მხარდაჭერაში, რომელიც განკუთვნილია ჩვენი უახლოესი პარტნიორებისთვის როგორც უსაფრთხოების, ისე განვითარების სფეროში.

ჩემთვის მნიშვნელოვანია, ხაზგასმით აღვნიშნო, რაოდენ არსებითია ჩვენთვის ფუნდამენტური უფლებები დემოკრატიის უზრუნველსაყოფად. მიხვდებით, რომ, დღეს, განსაკუთრებით ვგულისხმობ პრესის თავისუფლებასა და ჟურნალისტების უსაფრთხოებას, ასევე სიძულვილისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას.

წელს, ასევე აღვნიშნავთ საფრანგეთისა და საქართველოს ურთიერთობის უმნიშვნელოვანესი ეპიზოდის ასი წლისთავს. 1921 წელს, საქართველოს პირველი რესპუბლიკა დაიპყრეს და ნოე ჟორდანიას მთავრობამ თავი საფრანგეთს შეაფარა. იმედი მქონდა, რომ წლევანდელ ეროვნულ დღესასწაულს ვიზეიმებდით გამოფენის გახსნით, სადაც ხელოვანები და ისტორიკოსები მოყვებოდნენ იმ დიდი ოჯახებზე, რომლებიც საფრანგეთსა და საქართველოს აახლოებენ, ჩვენი ორი ქვეყნის ამ ძალიან მჭიდრო ისტორიულ კავშირებზე.

ბოლო დღეებში ჯანდაცვის კრიზისის გაუარესებამ გვაიძულა, გადაგვედო ეს ღონისძიება. შესაძლებლობა გვექნება, რომ ამ ლამაზი ისტორიის შესახებ საზაფხულო შვებულების შემდეგ მოგიყვეთ. საფრანგეთსა და საქართველოს ფრანგული ენაც აერთიანებს და სახელდობრ, მისი სწავლება ამ ქვეყანაში. რამდენიმე თვის წინ, ყველა ქართულ სკოლაში დავიწყეთ ახალი, უფრო სახალისო, უფრო თანამედროვე სახელმძღვანელოების გამოყენება. ეს არის საქართველოში ფრანგულის სწავლების მხარდაჭერის ახალი ძალისხმევის დასაწყისი, რომელიც თან ახლავს ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის გაფართოებას და საქართველოში ფრანგული ინვესტიციების გავრცელებას. ეს ძალისხმევაც გაგრძელდება. იმედი მქონდა, რომ ფრანგულის ყველა მასწავლებელს შევკრებდი, რომ 14 ივლისი ერთად გვეზეიმა. აქაც, შესაძლებლობა გვექნება, ეს მნიშვნელოვანი ფაქტი ახალ სასწავლო წელს აღვნიშნოთ“.

ბასტილიის აღების დღე - საფრანგეთის ეროვნული დღესასწაული 1880 წლის შემდეგ ყოველწლიურად აღინიშნება. ბასტილიის ციხე, რომელიც სახელმწიფო დამნაშავეების პატიმრობის ადგილი იყო, 1789 წლის 14 ივლისს შტურმით აიღეს.