ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძე ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ერთწლიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ შეიწყალა. ბიბილოვის ბრძანება დღეს გამოქვეყნდა და დღეიდანვე მოქმედია.
გახელაძის გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას Europetime-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც უდასტურებენ.
გახელაძის გათავისუფლების შესახებ სოციალურ ქსელში პრემირ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც წერს.
,,ზაზა გახელაძე გათავისუფლებულია!", - წერს Facebook-ზე პრემიერი.
თავის მხრივ, ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატშიც ადასტურებენ.
შეგახსენებთ, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, რა დროსაც ის ფეხში დაიჭრა.
დე ფაქტო ხელისუფლება ზაზა გახელაძეს, ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, ბრალს სდებდა სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაში.
მიმდინარე წლის 5 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.