ფინანსთა მინისტრის მოადგილე: გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირთან აღებული ვალდებულებები იყოს შესრულებული, ვიდრე ის თანხა, რომელიც სესხის სახით შეიძლება წელს მიგვეღო

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე გამოეხმაურა ევროკომისიის განცხადებას, მოსამართლეთა დანიშვნისა და საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური ტრანშის თაობაზე.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, "ევროკავშირის ფინანსური ტრანშის არმიღება ნაკლები პრობლემა იქნება ბიუჯეტისთვის, თუმცა, მნიშვნელოვანია ამ თანხის საგრანტო ნაწილი და მნიშვნელოვანია ის, რომ ევროკავშირთან შევასრულოთ ყველა ის ვალდებულება, რომელიც გაწერილია და სწორად იყოს ეს ვალდებულებები შესრულებული".

გიორგი კაკაურიძის თქმით, საუბარია 75 მილიონ ევროზე ჯამურად, საიდანაც დაახლოებით 10 მილიონი გრანტის სახით უნდა ყოფილიყო ჩარიცხული. მისივე თქმით, თანხები გათვალისწინებული იყო წლევანდელ ბიუჯეტში, თუმცა, იმ შემთხვევაშიც, თუ საქართველო ამ ტრანშს ვერ მიიღებს, ბიუჯეტს პრობლემა არ შეექმნება და არც ერთ მიმართულებას ამ მიზეზით დაფინანსება არ შეუმცირდება.

„მე შემიძლია ერთი რამ ვთქვა, რომ რაც სამუშაო დონზე იყო განხილვები, დიდი რისკი, რომ ეს თანხა არ ჩამოსულიყო, არ იყო. მე ვიცი, რომ პარლამენტის შესაბამისი სტრუქტურები მუშაობდნენ ევროკავშირის შესაბამის ექსპერტებთან, სადაც დეტალურად იხილავდნენ, თუ რა იყო გასაკეთებელი და რა ღონისძიებები გატარდა სასამართლო სისტემაში. რა თქმა უნდა, არ იქნება სასურველი, რომ თანხა არ ჩამოვიდეს, რადგან წლევანდელ ბიუჯეტში გაწერილია ეს თანხა შემოსავლების ნაწილში. თუ რა როგორ იქნება, ამას შეაფასებენ ევროკავშირის ექსპერტები, თუ რა ღონისძიებები განხორციელდა, რა იყო ჩადებული იმ ე.წ. მატრიცაში, რომელსაც მოსდევს უკვე თანხის ჩამორიცხვა და ამის მერე მიიღებს ევროკავშირი გადაწყვეტილებას.

ბუფერები იმისთვის არის ბიუჯეტის დეპოზიტებზე, რომ ნაკლები სესხის შემთხვევაშიც, ბიუჯეტის ხარჯებს პრობლემა არ შეექმნას, არც ერთ მიმართულებას დაფინანსება არ მოაკლდება, აქ გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირთან აღებული ვალდებულებები იყოს შესრულებული, ვიდრე ის თანხა, რომელიც სესხის სახით შეიძლება წელს მიგვეღო. ამ თანხის არმიღება ნაკლები პრობლემა იქნება ბიუჯეტისთვის, თუმცა, მნიშვნელოვანია ამ თანხის საგრანტო ნაწილი და მნიშვნელოვანია ის, რომ ევროკავშირთან შევასრულოთ ყველა ის ვალდებულება, რომელიც გაწერილია და სწორად იყოს ეს ვალდებულებები შესრულებული", - განაცხადა კაკაურიძემ.

ევროკომისია მოსამართლეების არჩევაზე: ამ ნაბიჯმა შეიძლება მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფაზე უარყოფითად იმოქმედოს