ირაკლი კობახიძე 5 ივლისის მოვლენებზე: სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე საუბარი შეიძლება იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას შეეძლო რაიმეს აღკვეთა და არ, ან ვერ აღკვეთა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე საუბარი შეიძლება იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს შეეძლო რაიმე შემთხვევის აღკვეთა და არ, ან ვერ აღკვეთა. ამის შესახებ მან "რუსთავი 2-ის" ეთერში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვას, მოახერხა თუ არა ხელისუფლებამ და პოლიციამ 5 ივლისს ჟურნალისტებისა და მოქალაქეების დაცვა, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, "ვერ მოხერხდა ძალადობის აღკვეთა, მაგრამ ჰქონდა ამას ობიექტური მიზეზი თუ არა, ამაშია საქმე".

"სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე საუბარი შეიძლება იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას შეეძლო რაიმეს აღკვეთა და არ, ან ვერ აღკვეთა. როდესაც საუბარია სახელმწიფოს ან პოლიტიკოსის პასუხისმგებლობაზე, პირველ რიგში უნდა გაირკვეს იყო თუ არა აღკვეთადი სამართალდარღვევა და მერე უნდა დავაყენოთ პასუხისმგებლობის საკითხი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.