28 წლის ყაზახი გოგოს გაუპატიურებაში ბრალდებული ბესიკ თორდუა საავადმყოფოში გარდაიცვალა

28 წლის ყაზახელი აისელ აიტპაევას გაუპატიურებაში ბრალდებული, ბესიკ თორდუა საავადმყოფოში გარდაიცვალა.

როგორც ბესიკ თორდუას ადვოკატი ლაშა შუკაკიძე აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ერთი კვირის წინ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკაში გადაიყვანეს.

"დაახლოებით ერთი კვირის უკან შემატყობინეს, რომ ბესიკ თორდუა გადაყვანილი იყო რეანიმაციაში, იყო უგონო მდგომარეობაში, კომატოზურ მდგომარეობაში. გავესაუბრე ექიმს, ექიმმა მითხრა, რომ როცა ჩვენთან მოიყვანეს თავის არეში ჰქოდნა დიდი რაოდენობით სისხლი. რის შემდეგაც ჩაუტარდა შესაბამისი ოპერაცია და ოპერაციის შემდეგ, იგი იმყოფებოდა კომატოზურ მდგომარეობაში. ამის შემდეგ, უკვე გუშინ საღამოს დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ უკვე გარდაცვლილი იყო.

დაველოდები ექსპერტიზის პასუხს, რა დაზიანებები იყო, რამ გამოიწვია დიდი რაოდენიბით სისხლი თავის არეში, სხვა დაზიანებები მას არ აღენიშნებოდა", - თქვა ლაშა შუკაკიძემ.

ბესიკ თორდუა კლინიკა „ვივა მედში“ დღეს გარდაიცვალა, გარდაცვალების მიზეზი, ამ ეტაპზე, უცნობია.

ცნობისთვის, 26 წლის ყაზახმა ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით 5 მაისს დაასრულა. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებმა საქართველოში ბესიკ თორდუა დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია და თვითმკვლელობამდე მიყვანა, მსხვერპლისადმი მუქარით მისი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთან, პროკურატურამ გაუპატიურების ორი ეპიზოდის ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა გარდაცვლილი ქალის ნათესავს, მურატ მეირბეკოვს. ის გარდაცვლილი ქალის დედის საჩივრის საფუძველზე რამდენიმე დღის წინ ყაზახეთში დააკავეს, თუმცა ყაზახეთის პროკურატურის მიერ დაკავებულს ამ ეტაპზე ტრეფიკინგის ბრალდება აქვს წარდგენილი.