შს მინისტრს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე 18 ივლისს მოუსმენენ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს 18 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე მოუსმენენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის პარლამენტში მისვლა 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.

ცნობისთვის, 5 ივლისს ,,თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ჟურნალისტებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. 5 ივლისს განვითარებული მოვლენების გასაპროტესტებლად, 6 ივლისს, პარლამენტის წინ, მდუმარე აქცია დაიგეგმა. პარალელურად დაანონსა მეორე აქცია ქაშვეთის ეკლესიასთან, რომლის მონაწილეები ე.წ. მდუმარე აქციის მონაწილეების მიმართ აგრესიით იყვნენ განწყობილნი.

ორი დაპირისპირებული აქციის მონაწილეები პოლიციას ერთმანეთისგან ცოცხალი ჯაჭვით და რკინის კონსტრუქციებით ჰყავდა გაყოფილი.

მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ორგანოს წინ გამართული აქცია დასრულდა, ქაშვეთის ეკლესიასთან მყოფმა ადამიანებმა პარლამენტის წინ გადმოინაცვლეს და ჩამოხსნეს ევროკავშირის დროშა.

შსს-ის ინფორმაციით, აქციებზე დააკავეს 100 ადამიანი.