საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ, ბიუჯეტის სხდომაზე ქვეყანაში 5 და 6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.
მისი თქმით, 5 და 6 ივლისს განვითარებულ მოვლენებს ახლავს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური მდგენელიც.
როგორც კოვზანაძემ აღნიშნა, საინვესტიციო გარემოს მოფრთხულება სჭირდება.
"მე ვფიქრობ, რომ 5 და 6 ივლისს განვითარებული მოვლენები არ არის მხოლოდ პოლიტიკური, რომ ამ საკითხს ახლავს ეკონომიკური მდგენელიც. თქვენ იცით, რომ ქვეყანა გადის რთულ პერიოდს, ეკონომიკამ დაიწყო აღდგენა და სწრაფი ზრდა და ასეთ ვითარებაში, მე ვფიქრობ, უნდა მოვუფრთხილდეთ ჩვენს საინვესტიციო გარემოს. ამ მოვლენების შემდეგ დაიწყო, გარკვეულწილად, ტურისტული და სასტუმრო ჯავშნების გაუქმება. ვფიქრობ, რომ მეტი ყურადღებით უნდა მოვეპყროთ უცხოელებს. რომელი ინვესტორი ჩადებს ფულს ქვეყანაში, სადაც სიცოცხლის რისკები იქნება? რომელი უცხოელი ჩამოვა, თუ აქ უცხოელებს სცემენ? ამიტომ, რომელ ბიზნესკონტექსტზე უნდა იყოს საუბარი, თუ სტაბილურობის და დაცულობის განცდა არ იქნა", - განაცხადა კოვზანაძემ.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელ სხდომას, სადაც 2021 წლის კორექტირებული ბიუჯეტის პროექტზე მსჯელობენ, იმ უწყებების და სამინისტროების წარმომადგენლები ესწრებიან, სადაც საბიუჯეტო ცვლილებები განხორციელდა.