ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, საქართველოში 300-მდე კოვიდინფიცირებული ბავშვია ჰოსპიტალიზებული

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში 300-მდე ინფიცირებული ბავშვია კლინიკებში მოთავსებული.

მისივე განმარტებით, გრძელდება პედიატრიული საწოლების მობილიზება და არცერთი ბავშვი არ დარჩება კლინიკის მიღმა. მან მშობლების სიფრთხილისა და რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია ,,იმედის" ეთერში განაცხადა.

,,ჩვენ ვაცხადებთ მაქსიმალურ მზაობას იმისათვის, რომ აგვისტოში, როდესაც ჩვენ ველოდებით ალფა შტამის დელტა შტამით სრულად ჩანაცვლებას, გვქონდეს ინფრასტრუქტურული მზაობა და ასევე პერსონალის კუთხითაც, მობილიზებულია ჯანდაცვის სისტემა. მიუხედავად ამისა, ჩვენი ვალდებულებაა და ვიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ თითოეულ ბავშვს, რომელიც იდენტიფიცირებული იქნება ინფექციის მატარებლად, ჰქონდეს შესაძლებლობა, ჰოსპიტალურ სექტორში მიიღოს ის საჭირო მკურნალობა, რომელიც პაციენტისთვის იქნება საჭირო. დღეის მდგომარეობით, ჰოსპიტალში 300-მდე ბავშვია მოთავსებული.

ჩვენ განვაგრძობთ პედიატრიული საწოლების მობილიზებას და არცერთი ბავშვი არ დარჩება ჰოსპიტალური საწოლის გარეშე. მნიშვნელოვანია ასევე მშობლების მხრიდან მაქსიმალური ყურადღება ბავშვების იმ ღონისძიებებში ჩართულობაზე, სადაც შეიძლება ბავშვი დაინფიცირდეს. დღესდღეობით კვლავ რჩება მნიშვნელოვან ღონისძიებად სოციალური დისტანცია და პირბადის ტარება იმისთვის, რომ ბავშვები დავიცვათ კოვიდისგან“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით, რეგიონებში ბავშვთა საწოლებზე არანაირი დეფიციტი არ არის.

„დეფიციტი შეინიშნებოდა თბილისში, ვინაიდან აქ უფრო მეტად არის გავრცელებული ინფექცია და ამ მიმართულებით სამინისტრომ განახორციელა არაერთი ქმედება, რომ დეფიციტი არ შეიქმნას და პაციენტები მივიღოთ“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.