ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე სენატორი ბენ კარდინი აცხადებს, მიუღებელი და შოკისმომგვრელია ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტები და აუცილებელია გასამართლდნენ ამ ძალადობის შემოქმედები. ინფორმაციას ,,ამერიკის ხმა" ავრცელებს.
"ბოლო პერიოდში, ჟურნალისტებზე თავდასხმა თბილისში შოკისმომგვრელი და მიუღებელია. ამ ძალადობის შემოქმედები უნდა გასამართლდნენ", - აცხადებს სენატორი.
სენატორის მოუწოდებს მათი დასჯისკენ „ვინც პასუხისმგებელია ლაშქარავას გარდაცვალებაზე“.
"5 ივლისს, პრაიდის მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმას, რადიკალური მემარჯვენე ელემენტების მხრიდან, რომელიც წახალისებული იყო "ქართული ოცნების" ლიდერების მიერ, ჟურნალისტებზე ძალადობა მოჰყვა, რომლებიც დაპირისპირებას აშუქებდნენ. ამ ჰომოფობიური ძალადობის შემოქმედებს, ისევე როგორც მათ, ვინც პასუხისმგებელია ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას სიკვდილზე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ. სამარცხვინოა, რომ ,,ქართული ოცნების ლიდერები" ყურადღების გადატანას იმ პროფესიონალი ჟურნალისტების დაგმობით ცდილობენ, რომლებიც მხოლოდ თავის საქმეს აკეთებდნენ", - ამბობს კარდინი.
ცნობისთვის, ,,ტვ პირველის” ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად გამოსულმა ძალადობრივმა ჯგუფებმა 5 ივლისს, მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისში სცემეს. ოპერატორმა მძიმე დაზიანებები მიიღო. მას ქირურგიული ოპერაციაც ჩაუტარდა, ბოლო დღეებში კი მკურნალობას სახლში აგრძელებდა.
11 ივლისს ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაიცვალა, რასაც 2-დღიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და სხვა მოქალაქეების მონაწილეობით.