ელჩი 5-6 ივლისის მოვლენებზე: თუ არ იქნება მკაცრი და მკაფიო მესიჯი ხელისუფლების მხრიდან, ეს გარკვეულწილად წაახალისებს სხვებს ძალადობისკენ

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ხელისუფლებას მკაცრი და მკაფიო მესიჯები უნდა ჰქონდეს.

მისი თქმით, თუ არ იქნება ასეთი მკაცრი და მკაფიო მესიჯი ხელისუფლების მხრიდან, ეს გარკვეულწილად წაახალისებს სხვებს ძალადობისკენ.

,,ძალადობა არის მიუღებელი. ხელისუფლების მხრიდან უნდა იყოს ძალიან ნათელი, ძლიერი მესიჯი, რომ ის ადამიანები, ვინც რაღაცა კუთხით მონაწილეობდა ამ პროცესებში, იქნება ეს ძალადობაში მონაწილეობა, წახალისება თუ სხვა, პასუხისგებაში მიეცემიან.

ამ ყველაფერს ექნება თავისი რეალური შედეგი იმიტომ, რომ თუ არ იქნება ასეთი მკაცრი და მკაფიო მესიჯი ხელისუფლების მხრიდან, ეს გარკვეულწილად წაახალისებს სხვებს ძალადობისკენ.

ხელისუფლების ფუნდამენტური პასუხისმგებლობაა დაიცვას მოქალაქეები და მათ მიერ კონსტიტუციური უფლებების გამოხატვა მშვიდობიან და უსაფრთხო გარემოში", - განაცხადა ელჩმა.

ცნობისთვის, 5 ივლისს ,,თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ჟურნალისტებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. 5 ივლისს განვითარებული მოვლენების გასაპროტესტებლად, 6 ივლისს, პარლამენტის წინ, მდუმარე აქცია დაიგეგმა. პარალელურად დაანონსა მეორე აქცია ქაშვეთის ეკლესიასთან, რომლის მონაწილეები ე.წ. მდუმარე აქციის მონაწილეების მიმართ აგრესიით იყვნენ განწყობილნი.

ორი დაპირისპირებული აქციის მონაწილეები პოლიციას ერთმანეთისგან ცოცხალი ჯაჭვით და რკინის კონსტრუქციებით ჰყავდა გაყოფილი.

მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ორგანოს წინ გამართული აქცია დასრულდა, ქაშვეთის ეკლესიასთან მყოფმა ადამიანებმა პარლამენტის წინ გადმოინაცვლეს და ჩამოხსნეს ევროკავშირის დროშა.

შსს-ის ინფორმაციით, აქციებზე დააკავეს 100 ადამიანი.