ისრაელმა საქართველო წითელი ქვეყნების სიაში შეიყვანა

კორონავირუსის დელტა შტამით ინფიცირების მაჩვენებლის ზრდის გამო, ისრაელმა საქართველო თურქეთთან, ბრიტანეთთან და კვიპროსთან ერთად, იმ ქვეყნების ჩამონათვალში შეიყვანა, საიდანაც დაბრუნებულ მოქალაქეებს ერთკვირიანი თვითიზოლაციის გავლა მოუწევთ. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ynet.co.il-ი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, მომავალი კვირის პარასკევიდან ისრაელი საჰაერო მიმოსვლას შეაჩერებს ესპანეთთან და ყირგიზეთთან.

ამჟამად ისრაელს ფრენები უკვე შეჩერებული აქვს არგენტინასთან, ბრაზილიასთან, სამხრეთ აფრიკასთან, ინდოეთთან, მექსიკასთან, რუსეთთან, ბელორუსიასთან და უზბეკეთთან.

აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით, შემდეგი ქვეყნებიდან დაბრუნებულ ყველა მოგზაურს მოუწევს სრული იზოლაციის გავლა და PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა: არაბთა გაერთიანებული საემიროები, სეიშელის კუნძულები, ეკვადორი, ეთიოპია, ბოლივია, გვატემალა, ჰონდურასი, ზიმბაბვე, ზამბია, ნამიბია, პარაგვაი, ჩილე, კოლუმბია, კოსტა - რიკა.

ამასთან მომავალი პარასკევიდან, აღნიშნულ სიას შემდეგი ქვეყნები დაემატება: გაერთიანებული სამეფო, კვიპროსი, თურქეთი, საქართველო, უგანდა, მიანმა, ფიჯი, პანამა, კამბოჯა, კენია და ლიბია.