საპატრიარქო სვეტიცხოველში რუსულად გალობასა და მსახურებაზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ეხმაურება ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ კადრებს, რომელზეც აღბეჭდილია სვეტიცხოვლის ტაძარში აღვლენილი წირვის დროს რუსულ ენაზე შესრულებული გალობა და მსახურების ფრაგმენტები და განცხადებას ავრცელებს.

„ინტერნეტსივრცეში ვრცელდება კადრები, რომელზეც აღბეჭდილია სვეტიცხოვლის ტაძარში აღვლენილი წირვის დროს შესრულებული რუსულენოვანი გალობა და მსახურების ფრაგმენტები. დაინტერესებული ჟურნალისტები ითხოვენ ახსნას.

განვმარტავთ, რომ უკრაინიდან საქართველოში მოსალოცად ჩამობრძანებულია სასულიერო პირთა ჯგუფი. მათ ითხოვეს სვეტიცხოველში მსახურების ნებართვა. დღეს ქართველ მღვდელმსახურებთან ერთად ქართულ და საეკლესიო სლავურ ენებზე ერთობლივი მსახურება აღევლინა. მოგეხსენებათ, უკრაინაში, ღვთისმსახურება საეკლესიო სლავურ ენაზე აღევლინება. ზოგადად, ეკლესიაში მიღებული პრაქტიკაა, სტუმრებს მსახურების ნაწილის მშობლიურ ენაზე შესრულების საშუალება მიეცეთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს რომ სვეტიცხოველში წირვა რუსულად აღსრულდა.