საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის ინიციატივით, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ალიანსის დამფუძნებელი და წევრი ორგანიზაციები, ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები. USAID ეკონომიკური მმართველობისა და ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამების ხელმძღვანელები.
ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ტურიზმის ალიანსის მიერ სამუშაო წლის მანძილზე განხორციელებული საქმიანობის შეჯამება და დაინტერესებული მხარეებისთვის სამოქმედო გეგმის წარდგენა.
ღონისძიების პირველი ნაწილი ალიანსის მიერ 1-წლიანი საქმიანობის შეჯამებასა და შეაფასებას დაეთმო, კოვიდის დაძლევის მექანიზმები, ტურიზმის საკანონმდებლო ჩარჩოში ცვლილებებისა და ახალი კანონის შექმნის პერსპექტივებზე გაკეთდა მთავარი ფოკუსი.
დამფუძნებლებმა წარმოადგინეს ის ღირებულებები რის გარშემოც ალიანსი გაერთიანდა.მეორე ნახევარში ალიანსის სამოქმედო გეგმასა და სტრატეგიული მიმართულებებზე გაკეთდა აქცენტი. საკანონმდებლო რეფორმა, სფეროს ადვოკატირება, ახალი პროდუქტებისა და სერვისების შექმნის ინიციატივები, საჯარო და კერძო სექტორების დიალოგის პლატფორმების მნიშვნელობა, ასოციაციებისა და ბიზნესის გაძლიერების მექანიზმები. კონკრეტული ნაბიჯები და რაც მთავარია ინდუსტრიის საერთო ხმის მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებაში.
“ტურიზმის ინდუსტრიის განვითარება, ძლიერი კერძო სექტორის მაღალ პასუხისმგებლობაზე გადის, მრავალფეროვანი კერძო სექტორი თამაშის საერთო წესებზე როცა თანხმდება უფრო მარტივია სამთავრობო დონეზე ინდუსტრიის ხმის მიწვდენა და მდგრად განვითარებაზე ვექტორის სწორება” -განაცხადა ალიანსის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ეკოტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნატალია ბახტაძემ.
“იცვლება პოლიტიკური მოცემულობა, სფეროს კი სწრაფი აღდგენა და მდგრადი განვითარება ესაჭიროება. მრავალფეროვანი ასოციაციების გაერთიანებით საერთო ღირებულებებზე დამყარებული ალიანსი, პანდემიის გამოწვევებს უფრო ეფექტურად დაძლევს” - აღნიშნა ლევან ქოქიაშვილმა, გასტრონომიული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალიანსის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა. .
“ საჯარო-კერძო სექტორების დიალოგი ქმედითი უნდა იყოს. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, კონკურენცია არა სექტორის შიგნით, არამედ სხვა ქვეყნებთან უნდა გვქონდეს. დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა და ფინანსური რესურსები გონივრულად უნდა გამოიყენოს სექტორმა, უნდა შექმნას მდრადი ბიზნესი, რომელიც დამოუკიდებლად შეძლებს მომავალში არსებობას და სამუშაო ადგილების შექმნას”- განაცხადა ალიანსის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ასოციაცია “ავიაკომუნიკატორის” პრეზიდენტმა, თამუნა თანდაშვილმა.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ოფიციალური შეხვედრა ამერიკის ელჩ კელი დეგნანთან.
ცნობისთვის, საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი შეიქმნა 2020 წლის 25 აპრილს. ალიანსი აერთიანებს ტურიზმის ინდუსტრიაში მოქმედ 13 ასოციაციასა და 19 ორგანიზაციას. ალიანსი მიზნად ისახავს ინტერსექტორალური თანამშრომლობის გზით საქართველოს ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას, ტურიზმის კერძო სექტორის დემოკრატიული პლატფორმის შექმნას ცვლილებებისა და რეფორმების განსახორციელებლად, ინდუსტრიის გაძლიერებას კერძო, საჯარო და დონორი ორგანიზაციების პარტნიორობით.
ღონისძიება მხარდაჭერილია USAID ეკონომიკური მმართველობისა და ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამების მიერ.