ივანე ჩხაიძე: საქართველოში გამოყენებული ოთხივე ვაქცინა ინდური შტამის საწინააღმდეგოდაც მოქმედებს

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, პროფესორ ივანე ჩხაიძის განცხადებით, დღეისათვის საქართველოში გამოყენებული ოთხივე ვაქცინა კორონავირუსის "დელტა" ვარიანტის საწინააღმდეგოდაც მოქმედებს. ამის შესახებ მან "პირველი არხის" გადაცემაში "დღის თემა" განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში გამოყენებული ოთხივე ვაქცინა ინდური შტამის გარდა, ასევე ეფექტურია სხვადასხვა ვარიანტის წინააღმდეგ.

"დღეისათვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ავტორიზებულია ექვსი ვაქცინა. აქედან ოთხი არის საქართველოში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ოთხივე ვაქცინა არის ეფექტური კორონავირუსის სხვადასხვა ვარიანტის წინააღმდეგ, მათ შორის როგორც ბრიტანული, ისე ინდური ვარიანტის წინააღმდეგ. მკაფიოდ გვინდა დავაფიქსიროთ აზრი, რომ დღეისათვის საქართველოში გამოყენებული ოთხივე ვაქცინა მოქმედებს დელტა ვარიანტის საწინააღმდეგოდაც", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.