კუნძულ სარდინიაზე ერთ-ერთი სახლის სახურავს კოკაინით სავსე ჩანთა დაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას TheGuardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სახლის მფლობელებმა ხმაური გაიგეს და პოლიცია გამოიძახეს. პოლიციამ სახლის სახურავზე შავი ჩემოდანი ნახა, რომელშიც 8,5 კგ სუფთა კოკაინი იყო და რომლის ღირებულებაც 9 მილიონ ევროს აღემატება.
"სარდინიაში კოკაინი წვიმს", - იტყობინება იტალიური პრესა.
ვარაუდობენ, რომ ჩანთა, რომელშიც ნარკოტიკი იყო, მცირე ზომის თვითმფრინავიდან ნარკოდაჯგუფებების წევრებისთვის უნდა გადაეგდოთ, თუმცა ტვირთი ადგილობრივი მცხოვრების სახლის სახურავს დაეცა.
პოლიციის თქმით, ჩემოდანის ჩამოგდებამდე რამდენიმე წუთით ადრე, თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა, რადგან ის საკმაოდ დაბლა დაფრინავდა.
"თვითმფრინავის ბორტზე განთავსებული GPS-ის ანალიზმა დაადასტურა, რომ ამ 20 წუთის განმავლობაში თვითმფრინავმა რამდენიმე წრე შეასრულა იმ ადგილის ზემოთ, სადაც ჩემოდანი ვნახეთ”, - თქვა პოლიციამ.
შემთხვევა სარდინიის ქალაქ ბარატილი სან პიეტროში 2021 წლის მარტში მოხდა. ოთხთვიანი გამოძიების შემდეგ პოლიციამ თვითმფრინავის პილოტი დააკავა. სამართალდამცველები ნარკოდაჯგუფების წევრებს ეძებენ, რომლებისთვისაც კონტრაბანდული ტვირთი იყო განკუთვნილი.