მთავრობას არ აქვს სხვა ბერკეტი, გარდა იმისა, რომ მოსახლეობას ფართო ვაქცინაცია შესთავაზოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, Pfizer-ის ვაქცინები საქართველოში ყოველ შაბათ-კვირას შემოვა.
„ბოლო დღეების განმავლობაში, ინფიცირების შემთხვევების მატება გვაქვს. ამ სიტუაციაში, მთავრი გამოსავალი არის ვაქცინაცია. იქამდე, იყო პრობლემა, რომ ქვეყანაში ვაქცინების საკმარისი რაოდენობა არ იყო. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ საკმარისი რაოდენობის ვაქცინები ჩამოგვეტანა. მილიონი ვაქცინაა ადგილზე. ერთი მილიონი დოზა Pfizer-ის მოწოდება უკვე დაიწყო და ყოველ შაბათ-კვირას, ჩვენ შემოგვივა Pfizer-ის ვაქცინები. ასევე, აღსანიშნავია მილიონი Sinopharm-ი და Sinovac-ი, რომლებიც ტრადიციულად დამზადებული ვაქცინებია და ავტორიზებულია ჯანმო-ს მიერ. Pfizer-ს რაც შეეხება, მილიონის შემოტანა არის დაგეგმილი და ნახევარი მილიონის ჩუქება აქვს გადაწყვეტილი ამერიკის მთავრობას, რომელსაც უახლოეს რამდენიმე კვირაში მივიღებთ და კიდევ ერთი მილიონი Sinopharm-ი და Sinovac-ი შემოვა საქართველოში.
ინფიცირების შემთხვევებმა იმატა ბავშვებში. მე, როგორც მშობელმა, მინდა, მივმართო ჩვენს მოსახლეობას; გამოვიჩინოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. მთავრობას არ აქვს სხვა ბერკეტი, გარდა იმისა, რომ მოსახლეობას ფართო ვაქცინაცია შესთავაზოს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ახლა მთავრობას სჭირდება თანადგომა, მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, შემოიტანა ვაქცინები და ახლა საჭიროა ერთობლივი ძალისხმევა, ამ ფართო ვაქცინაციის წარმატებით მართვა და დასრულება.
„გუშინ იყო რეკორდული რაოდენობა - 10 000 აცრა ჩავატარეთ, ეს არ არის საკმარისი, ჩვენ უნდა ავიდეთ 20-30 ათასზე მინიუმ, რომ თვეში, დაახლოებით, ნახევარი მილიონი ჩვენი მოქალაქე ავცრათ. ამის გარდა, სხვა გამოსავალი ჩვენ არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ, რა თქმა უნდა, მე არ მინდა, რომ გავიმეორო სიტყვა შეზღუდვების დაწესება ხელახლა, რაც არის ძალიან შემაწუხებელი ჩვენი მოქალაქეებისთვის, ბიზნესისთვის და ამას ჩვენი ქვეყანა ვერ გაუძლებს. მე მინდა, რომ ეს ყველამ კარგად გავიაზროთ, კერძო სექტორმა და თითოეულმა მოქალაქემ, რომ მთავრობას სჭირდება ახლა თანადგომა. მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, შემოიტანა ვაქცინები, ახლა ჩვენ გვჭირდება, ერთობლივი ძალისხმევით, ამ ფართო ვაქცინაციის წარმატებით მართვა და დასრულება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.