„ტვ პირველის“ ოპერატორსა და მოქალაქეზე ძალადობისთვის დაკავებულ კიდევ ორ ბრალდებულებულს პატიმრობა შეეფარდა

„ტვ პირველის“ ოპერატორისთვის, ლევან ბრეგვაძისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და სხვა მოქალაქის დევნის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე ბრალდებულებს, ვანო ბურდულს და დავით ქოჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნატო ხუჯაძემ მიიღო.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურატურა ბრალდებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი დაკავებულების 7000 და 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.

ორივე ბრალდებულის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებით მოსამართლემ სრულად გაიზიარა პროკურორის შუამდგომლობა.

ვანო ბურდულის ადვოკატი, თორნიკე გვენეტაძე აცხადებდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ხელს მხოლოდ ორი მოწმე - პოლიციელები ადებენ ხელს. მისივე თქმით, პოლიციელებს ჩვენებაში ნათქვამი აქვთ, რომ ბურდულს ნაცრისფერი შარვალი ეცვა, რეალურად კი, მას მოკლე შარვალი ეცვა, რაც ადვოკატის თქმითვე, იმაზე მიანიშნებს, რომ პოლიციელებს ბრალდებული ვიდეობიდან ჰყავთ ნანახი. გვენეტაძის თქმით, დაზარალებული ოპერატორიც ვერ ახდენს აღწერს იმ პირის, ვინც მას თავს დაესხა.

ვანო ბურდულის და დავით ქოჩიაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, ბრალი 24 პირს წარედგინა.

ამ ეტაპზე, საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 41 პირი, მათ შორის, 35 ჟურნალისტი და ოპერატორი.