აჭარაში ტურისტებს კორონავირუსის "დელტა" შტამი დაუდასტურდათ

აჭარაში კორონავირუსის "დელტა" შტამის რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა. "დელტა" შტამი ტურისტებს დაუდასტურდათ. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს, მათთან კონტაქტში მყოფები კი, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, იზოლაციაში იმყოფებიან.

გარდა ამისა, ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსი ქობულეთში ერთ-ერთი კაფეს 10 თანამშრომელსაც დაუდასტურდა. კაფემ მუშაობა შეწყვიტა, ხოლო ინფიცირებულ თანამშრომლებთან კონტაქტში მყოფები იზოლაციაში გადავიდნენ.

როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე აცხადებს, ამ დროისთვის ბავშვთა საავადმყოფოში ინფიცირებული 15 ბავშვი მკურნალობს. ზოგადად კი, მიმართვიანობა გაზრდილი არ არის. მინისტრის თქმით, მიმართვიანობის გაზრდის შემთხვევაში სამინისტრო მზადაა საწოლები დაამატოს.