საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია ოკუპანტების მიერ დაკავებულებზე საუბრისას აცხადებს, რომ მთავარი ამოცანაა, ასეთი საკითხები ჰუმანიტარულ კონტექსტში გადაიჭრას
_რუსეთი აგრძელებს ოკუპაციას, უკანონო პატიმრები ტყვეობაში არიან. მათგან ერთ-ერთი, ზაზა გახელაძე ოკუპანტების მიერ გატაცებიდან ერთი წლის შემდეგ გათავისუფლდა. ვრცელდება ცნობები, რომ მისი გაცვლა მოხდა, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ეს ინფორმაცია?
„მოგეხსენებათ, ასეთი ტიპის პროცესები საკმაოდ რთულია. ადრეც გვქონდა წარმატებული შემთხვევები, როდესაც დავაბრუნეთ ჩვენი მოქალაქეები. ასევე იყო შემთხვევები, როდესაც ეს პროცესი საკმაოდ დიდხანს გაიწელა. მთავარი ამოცანაა, რომ ასეთი საკითხების ჰუმანიტარულ კონტექსტში გადაწყვეტა მოხდეს, რადგან მისი პოლიტიზება კიდევ უფრო ართულებს ხოლმე ასეთი ნაბიჯების გადადგმას. კიდევ რამდენიმე შემთხვევა გვაქვს დარჩენილი და ამაზე მუშაობა გრძელდება. დეტალებზე საუბარი მიზანშეწონილი არ არის, ვიდრე არ დასრულდება ყველა ეს პროცესი, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ის ფორმატები, იქნება ეს ჟენევის ფორმატი თუ ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრები და ყველა მექანიზმი, მათ შორის ჩვენი პარტნიორების აქტიური ჩართულობა, ეს არის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს ხოლმე პროცესის წარმატებით დასრულებას. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, მთავარია საკითხის ჰუმანიტარულ კონტექსტში გადაჭრა“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ Europetime-თან.