„მკაფიოა ის მხარდაჭერა, რომელიც ექნებათ ამერიკის და ევროკავშირის პარტნიორებს, საქართველოს, უკრაინას და ყველა სხვა პარტნიორს. ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოს პარტნიორების ურთიერთობებს რუსეთთან. მივესალმებით იმას, რომ საქართველოს, ისევე როგორ სხვა პარტნიორების საკითხები, დღის წესრიგში მაღალ დონეზეა. საქართველოსთვის რეგიონულ პროცესებში ნებისმიერ ფორმატებში მონაწილეობა, სადაც არის რუსეთის ფედერაცია, წარმოუდგენელია, ვიდრე კონფლიქტების გადაწყვეტა არ მოხდება“, - საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს ოკუპანტების მიერ დატყვევებული ზაზა გახელაძის გათავისუფლებაზე, დეოკუპაციის და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სტრატეგიის შესამუშავებლად ცოტა ხნის წინ შექმნილი სამთავრობო კომისიის მიზნებზე, რეგიონში გეოპოლიტიკური გარემოს შეცვლასა და სხვა აქტუალურ საკითხებზე.
_რუსეთი აგრძელებს ოკუპაციას, უკანონო პატიმრები ტყვეობაში არიან. მათგან ერთ-ერთი, ზაზა გახელაძე ოკუპანტების მიერ გატაცებიდან ერთი წლის შემდეგ გათავისუფლდა. ვრცელდება ცნობები, რომ მისი გაცვლა მოხდა, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ეს ინფორმაცია?
მოგეხსენებათ, ასეთი ტიპის პროცესები საკმაოდ რთულია. ადრეც გვქონდა წარმატებული შემთხვევები, როდესაც დავაბრუნეთ ჩვენი მოქალაქეები. ასევე იყო შემთხვევები, როდესაც ეს პროცესი საკმაოდ დიდხანს გაიწელა. მთავარი ამოცანაა, რომ ასეთი საკითხების ჰუმანიტარულ კონტექსტში გადაწყვეტა მოხდეს, რადგან მისი პოლიტიზება კიდევ უფრო ართულებს ხოლმე ასეთი ნაბიჯების გადადგმას. კიდევ რამდენიმე შემთხვევა გვაქვს დარჩენილი და ამაზე მუშაობა გრძელდება. დეტალებზე საუბარი მიზანშეწონილი არ არის, ვიდრე არ დასრულდება ყველა ეს პროცესი, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ის ფორმატები, იქნება ეს ჟენევის ფორმატი თუ ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრები და ყველა მექანიზმი, მათ შორის ჩვენი პარტნიორების აქტიური ჩართულობა, ეს არის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს ხოლმე პროცესის წარმატებით დასრულებას. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, მთავარია საკითხის ჰუმანიტარულ კონტექსტში გადაჭრა.
_დეოკუპაციის და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სტრატეგიის შესამუშავებლად, ცოტა ხნის წინ, სამთავრობო კომისია შეიქმნა. კომისიის პირველი საინაუგურაციო სხდომა კი რამდენიმე საათის წინ გაიმართა. რაზე გამახვილდა ყურადღება პირველ შეკრებაზე და უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ მიზნებსა და ამოცანებზეც.
მოგეხსენებათ, სამთავრობო კომისია არის შექმნილი ამ მიმართულებით. დღეს იყო პირველი შეხვედრა და პრაქტიკულად, დღეს დაიწყო პროცესი. აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი ამოცანაა კომისიის წინაშე. მე ვიტყოდი, საკმაოდ ამბიციური ამოცანებია. პირველ რიგში, ეს არის უწყებათაშორისი პროცესის წარმართვა და მეორე მხრივ, ერთიანი საზოგადოებრივი მიდგომის ჩამოყალიბება. აქ იგულისხმება ის, რომ არამარტო სახელმწიფო უწყებების, არამედ საზოგადოების ერთიანი ხედვა ჩამოყალიბდეს ამ მიმართულებით. საკითხი საკმაოდ სენსიტიურია და მერამდენე ათეული წელია, ეს საკითხი საქართველოს წინაშე დგას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხზე იყოს საერთო ეროვნული კონსენსუსი და ყველა აქტორი, ვინც მეტ-ნაკლებად ჩართულია ამ საკითხში, კომისიის მიერ მოიაზრება, რომ ჩაერთოს ამ პროცესში და როგორღაც შევძლოთ ერთიანი ეროვნული ხედვის ჩამოყალიბება ამ საკითხებზე.
_როგორ წარმოგიდგენიათ ამ პროცესის განხორციელება?
მოიაზრება ექვსთვიანი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მეტ-ნაკლებად საერთო ხედვაზე უნდა ჩამოვყალიბდეთ და რომლის ფარგლებშიც ჩვენ მოვიაზრებთ ყველა აქტორთან, არამარტო სახელმწიფო აქტორთან, არამედ არასამთავრობო სექტორთან, Think-Tank-ებთან ჩართულობას სხვადასხვა პროცესის ფარგლებში, რომ ერთიანი აზრი ჩამოყალიბდეს. დეოკუპაციის და ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე უნდა არსებობდეს კონსენსუსი, რადგან ეს არ შეიძლება იყოს რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის პრეროგატივა. მასზე უნდა არსებობდეს საერთო ეროვნული კონსენსუსი თავად საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაც ეს არის, რომ ყველა დაინტერესებული ჯგუფი, ვინც არის ჩართული პროცესებში, იყოს ამ პროცესის ნაწილი.
_ამის პარალელურად, აღსანიშნავია, რომ აშშ-ევროკავშირის სამიტზე მიღებული ერთობლივი განცხადების თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად ევროკავშირი და აშშ რუსეთის წინააღმდეგ ერთობლივ მიდგომას შეიმუშავებენ. როგორ უყურებთ ამ საკითხს და აქვს თუ არა რაიმე კავშირი იმ სტრატეგიასთან, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ?
პირდაპირი ბმა არ არსებობს ამ ორ საკითხს შორის. რაც შეეხება პარტნიორების სტრატეგიას, მთავარია, რომ მკაფიოა ის მხარდაჭერა, რომელიც ექნებათ ამერიკის და ევროკავშირის პარტნიორებს, საქართველოს, უკრაინას და ყველა სხვა პარტნიორს, და რომ ჩვენი საკითხები იქნება მაღალ დონეზე საერთაშორისო დღის წესრიგში. საქართველოსთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ ხაზი გაესვა ქვეყნისადმი ევროკავშირის და აშშ-ის მხარდაჭერას. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით იმ პროცესებს, რომლებიც გულისხმობს ჩვენი პარტნიორების და რუსეთის ურთიერთობებს, ჩვენთვის ამ მხრივ მნიშვნელოვანია და მივესალმებით იმ საკითხს, რომ საქართველოს, ისევე როგორ სხვა პარტნიორების საკითხები, დღის წესრიგში მაღალ დონეზე არის შენარჩუნებული.
_რეგიონში ყარაბაღის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შემდეგ, სადაც გეოპოლიტიკურად შეცვლილი ვითარება მივიღეთ, საქართველოს როლი პარტნიორების დიდი ძალისხმევით საკმაოდ პოზიტიურად გამოიკვეთა. აზერბაიჯანისა და სომხეთის სახელმწიფოებიდან მადლობა მიიღო ქვეყანამ მისი მედიატორობით განხორციელებული შედეგისთვის. რას გვეტყოდით ამ როლზე და ამ პროცესებზე უფრო მეტს? მით უფრო, რომ ამ ყველაფერს წინ უძღოდა ამერიკელი სენატორების ვიზიტი თბილისში და ასევე, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოვალეობის შემსრულებლის ფილიპ რიკერის ვიზიტი რეგიონის ქვეყნებში.
შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად, ჩვენს რეგიონში, სტრატეგიული, გეოპოლიტიკური გარემოც კი შეიცვალა. საკმაოდ რთული პროცესები განვითარდა. ეს ხდებოდა ჩვენს რეგიონში და თავისთავად, გავლენას ახდენს საქართველოს უსაფრთხოების გარემოზეც. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოს პოზიციონირება, მოგეხსენებათ, სხვადასხვა აქტორის მიერ სხვადასხვა ფორმატზე იყო საუბარი. ცალსახად, ხაზი შეიძლება გაესვას, რომ საქართველოსთვის რეგიონულ პროცესებში ნებისმიერ ფორმატებში მონაწილეობა, სადაც არის რუსეთის ფედერაცია, წარმოუდგენელია, ვიდრე კონფლიქტების გადაწყვეტა არ მოხდება. რაც შეეხება თვითონ ფორმატებს, საქართველომ თავიდანვე განაცხადა, რომ ჩვენთვის მთავარია რეგიონული თანამშრომლობა აზერბაიჯანთან და სომხეთთან. მოგეხსენებათ, ჩვენ, ორივე მეზობელთან საკმაოდ კარგი ურთიერთობები გვაქვს, აზერბაიჯანთან გვაქვს სტრატეგიული ურთიერთობები, სომხეთთან გვაქვს საკმაოდ კარგი, კეთილმეზობლური ურთიერთობები. ეს არის საფუძველი რეგიონული თანამშრომლობისთვის.
სწორედ ამას ვთავაზობთ ჩვენს პარტნიორებს. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არ არის არსებული სამშვიდობო პროცესების პარალელური პროცესი. პირიქით, ჩვენი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ დაძაბულობის შემცირებას მთლიანად რეგიონში და ჩვენს მეზობლებს შორის, რაც დადებითად აისახება მთლიანად სამშვიდობო პროცესებზე რეგიონში. შესაბამისად, აქედანაც გამომდინარეობდა საქართველოს ინიციატივები, მათ შორის წარმატებული შემთხვევა, რომელიც თქვენც ახსენეთ, როდესაც საქართველოს შუამავლობით, ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, უშუალოდ პრემიერ-მინისიტრის ჩართულობით მოხერხდა გარკვეული შედეგის მიღწევა და 15 ტყვის გათავისუფლება, მეორე მხრივ, აზერბაიჯანისთვის დანაღმული ველების რუკების გადაცემა, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა უსაფრთხოების გარემო ადგილზე.
ეს ერთ-ერთი მაგალითია, მომავალში კი მზად ვართ, ხელი შევუწყოთ ნებისმიერ პროცესს, რომელიც ჩვენს მეზობლებს შორის დაძაბულობას შეამცირებს. სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა, რადგანაც დაძაბულობის შემცირება მთლიანად რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესებას იწვევს და აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ის ფორმატი, სადაც აქტიურად იქნებიან ჩართულნი ჩვენი პარტნიორები. ამიტომ, როდესაც ფორმატებზეა საუბარი, საქართველო მხოლოდ რეგიონული თანამშრომლობის ფორმატებს განიხილავს უშუალოდ ბაქოსთან და ერევანთან. თუ თანამშრომლობაზეა საუბარი, საქართველო რა თქმა უნდა, ამ კუთხით განაგრძობს თანამშრომლობას ჩვენს ტრადიციულ პარტნიორებთან, პირველ რიგში, აშშ-სთან და ევროკავშირთან.