მედიის ორგანიზებით, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მოქალაქეებმა პერფორმანსი მოაწყვეს.
რუსთაველის გამზირზე გზის სავალ ნაწილზე დიდი თეთრი ბანერი გაიშალა წარწერით - „ჩვენ ვართ ევროპა".
შეკრებილები სკანდირებდნენ: „ევროპა".
ცნობისათვის, ძალადობრივმა ჯგუფებმა 5 ივლისის მოვლენების დროს პარლამენტთან ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს. მოგვიანებით ის პარლამენტის თავმჯდომარემ აღმართა.
ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა და მისდამი შეურაცხყოფა, საქართველოში აკრედიტებულმა ელჩებმა საგანგაშო ფაქტად მიიჩნიეს. მათ ამ თემაზე მთავრობისადმი რამდენიმე დღის წინ გაგზავნილ ერთობლივ წერილში ისაუბრეს, რომელშიც შს მინისტრს, პრემიერს და იუსტიციის მინისტრს სამართლებრივი და პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს.
ამ დროისთვის პარლამენტთან აქცია გრძელდება. მედიის წარმომადგენლების ორგანიზებულ აქციაზე სიტყვით გამომსვლელები 5 ივლისს მომხდარ ძალადობრივ ქმედებებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმაში პასუხისმგებლობას სწორედ მთავრობას და პირადად პრემიერს აკისრებენ, რადგან მიიჩნევენ, რომ უშუალოდ მან წაახალისა ძალადობა. 5 ივლისს 53-მდე ჟურნალისტმა სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანება მიიღო, განსაკუთრებული სისასტიკით სცემეს ლექსო ლაშქარავას, რომელიც კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობდა და ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა. ის 11 ივლისს დედამ გარდაცვლილი სახლში ნახა. შსს-მ გამოძიება დაიწყო, თუმცა მთავრობის წევრებისგან განახვავებით, მისი ვერსიები აქციის მონაწილეთათვის და მისი კოლეგებისთვის არასარწმუნოა და ძალადობაზე პასუხისმგებლობას სწორედ სამართალდამცავ ორგანოს და მთავრობას აკისრებენ.