აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება და საქართველოს წინა ხელისუფლების სასამართლო სისტემის მიმართ აშშ-ის მხრიდან კრიტიკის რამდენიმე მაგალითს ასახელებს.
,,ეს სიმართლე არაა. შეხედეთ ადამიანის უფლებების მოხსენებას - იქ ყოველთვის იყო კრიტიკა ნაციონალური მოძრაობის ეპოქის სასამართლოზე. გაითვალისწინეთ 2011 წელი - "ტყუილი, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები", "პატიმრების სასტიკი მოპყრობა ოფიციალური პირების მიერ", "სასამართლო ხელისუფლებამ განაგრძო ქმედება მმართველი პარტიის სასარგებლოდ". ეს მაგალითების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რომელიც სააკაშვილის სასამართლო სისტემის კრიტიკას ეხებოდა. ქართველებმა უნდა იცოდნენ სიმართლე. ჩვენ, ამერიკელებმა ვიცით ისეთი ლიდერის საშიშროება, რომელიც იგონებს საკუთარ ფაქტებს და გაურბის სიმართლეს", - წერს აშშ-ის ყოფილი ელჩი Twitter-ზე.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სასამართლო სისტემასთან და პროკურატურასთან დაკავშირებით, 2012 წლამდე, ამერიკისგან და ევროპისგან კრიტიკა არ მოუსმენია.
,,ჩვენ კარგად გვახსოვს, რა ქვეყანაში ვცხოვრობდით, 2012 წლამდე სასამართლო იყო ჩვეულებრივი პროკურატურის დანაყოფი. მე სამწუხაროდ, ძალიან მიკვირს, არ მომისმენია არასოდეს არც ამერიკის, არც ევროპის კრიტიკული შენიშვნა იმდროინდელი სასამართლოს მიმართ, რაც რა თქმა უნდა, სამწუხაროა და არ არის სამართლიანი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.