დღეს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს პარლამენტში, რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მოუსმენენ.
მინისტრის პარლამენტში მისვლა 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.
პარლამენტში შს მინისტრის მოსმენა 12:00 საათისთვისაა დაგეგმილი.
უცნობია, დაესწრება თუ არა მოსმენას „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება. პარლამენტში მისვლას აპირებს ასევე ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტია „ლელო“. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ვახტანგ გომელაურის გადადგომაა, მასთან შეკითხვები მაინც აქვთ.
ამასთან, პარალელურად, პარლამენტთან მედიის წარმომადგენლების ორგანიზებული საპროტესტო აქცია არის დაგეგმილი.
ცნობისთვის, 5 ივლისს ,,თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ჟურნალისტებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. 5 ივლისს განვითარებული მოვლენების გასაპროტესტებლად, 6 ივლისს, პარლამენტის წინ, მდუმარე აქცია დაიგეგმა. პარალელურად დაანონსა მეორე აქცია ქაშვეთის ეკლესიასთან, რომლის მონაწილეები ე.წ. მდუმარე აქციის მონაწილეების მიმართ აგრესიით იყვნენ განწყობილნი.
ორი დაპირისპირებული აქციის მონაწილეები პოლიციას ერთმანეთისგან ცოცხალი ჯაჭვით და რკინის კონსტრუქციებით ჰყავდა გაყოფილი.
მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ორგანოს წინ გამართული აქცია დასრულდა, ქაშვეთის ეკლესიასთან მყოფმა ადამიანებმა პარლამენტის წინ გადმოინაცვლეს და ჩამოხსნეს ევროკავშირის დროშა.
შსს-ის ინფორმაციით, აქციებზე დააკავეს 100 ადამიანი.