ცესკოს თავმჯდომარეობის ვერცერთმა კანდიდატმა დეპუტატების ხმების საჭირო რაოდენობა ვერ დააგროვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატებმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე გამართული კენჭისყრის დროს საჭირო მხარდაჭერა ვერ მიიღეს.

კერძოდ, ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატ გიორგი კალანდარიშვილს 82-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რვამ კი ხმა წინააღმდეგ მისცა.

ცესკოს თავმჯდომარეობის მეორე კანდიდატ გიორგი სანტურიანს მხარი დაუჭირა ორმა დეპუტატმა, ათი კი წინააღმდეგი იყო.

შეგახსენებთ, ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის მსურველებთან გასაუბრების პროცესი 9 ივლისს დასრულდა. საკონკურსო კომისიამ ცესკოს თავმჯდომარეობის ორი, ხოლო წევრობის ხუთი კანდიდატი შეარჩია. პარლამენტში ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის ვაკანტურ თანამდებობებზე ასარჩევად პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატების მოსმენა 11 ივლისს დაიწყო.

პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატები გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლები არიან.

ცესკოს თავმჯდომარის ან წევრის ხუთი წლით დამტკიცებას ხმების 2/3-ით, ანუ სულ მცირე 100 ხმით მხარდაჭერა სჭირდება.

შესაბამისად, ცესკოს თავმდჯომარეობის კანდიდატთა სია კენჭისყრაზე ხელახლა გავა.