პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას განცხადებით, დღევანდელი რიგგარეშე პლენარული სხდომა დაიხურა. შესაბამისად, შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა დღეს აღარ გაიმართება.
ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება მინისტრის მოსმენა.
„ფაქტი ერთა - რაც ჩვენ დღეს ვიხილეთ, სამწუხაროდ, პირველ რიგში, მიზანმიმართულად იყო დაორგანიზებული, რომ დღეს ეს სხდომა არ შემდგარიყო. ძალიან სამწუხაროა, რადგან შესვენების დროს მე მოვისმინე განცხადებებიც, სადაც პირდაპირ და ღიად აცხადებენ, რომ მათი მიზანი არ იყო, პოლიტიკურ ჯგუფებს ვგულისხმობ, დღეს სხდომის ჩატარება იმისთვის, რომ დაესვათ კითხვები და მოესმინათ პასუხები, მათ განახორციელეს პროტესტი, რომლის უფლება ჰქონდათ, თუმცა, სამწუხაროა, როდესაც იყო მოთხოვნა, რომ დავბრუნებულიყავით ჩვეულებრივ რეჟიმში, ეს არ განხორციელდა და პროტესტი დღესაც გრძელდება იმ ადგილიდან, საიდანაც ერთადერთი ვალდებულება არის გაშუქდეს სესიის სხდომა, რაც ნამდვილად არ წარმოადგენს არა მხოლოდ კონსტრუქციულ ფარგლებში იმ კითხვების და პასუხების მოსმენას, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს, უმრავლესობის მხრიდან დააყენეს საკითხი, რომ ასეთ რეჟიმში განხილვის გაგრძელება ნამდვილად არ ემსახურება იმ მიზანს, რისთვისაც შევიკრიბეთ და დაინიშნა რიგგარეშე სხდომა, ამიტომ, დღევანდელ სხდომას ვაცხადებ დახურულად, და საკითხზე ვიმსჯელებთ სხვა რიგგარეშე სხდომაზე, რა საკითხები გვექნება განსახილველი - უკვე ბიუროს ფორმატში“, - განაცხადა კუჭავამ.
ცნობისთვის, ოპოზიციის წარმომადგენლებმა, „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო პროტესტი გამოხატეს და შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის სიტყვით გამოსვლის დაწყებისას გარდაცვლილი ოპერატორის ფოტოსურათები გაშალეს.
აღნიშნულს ხმაური და დაპირისპირება მოყვა უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებს შორის.
ოპოზიციის პროტესტს ჟურნალისტების ნაწილიც შეუერთდა და სხდომათა დარბაზში მყოფმა მედიის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი სივრციდან გადმოფინეს ბანერი წარწერით - ,,დასაჯე მოძალადეები".
პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომათა დარბაზში ტექნიკური შესვენება ორჯერ გამოაცხადა, თუმცა სხდომა აღარ განახლებულა.