საქართველოს მორიგი ოფიციალური ვიზიტით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვია.
მიშელი თვითმფრინავი უკვე დაეშვა ბათუმის აეროპორტში.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ბათუმში აზერბაიჯანიდან გამოფრინდა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში,19 ივლისს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ბათუმის მე-17 ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში - „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია მიიღებს მონაწილეობას. კონფერენციის ცენტრალური საკითხი ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის გაღრმავებული თანამშრომლობა იქნება, რომლებმაც, ცოტა ხნის წინ, ასოცირებული სამეულის ფორმატი შექმნეს.
19 ივლისს მიშელი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება.
ამასთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შეხვდება მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.
ამავე დღეს დაგეგმილია შარლ მიშელის საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პრეზიდენტებთან ერთობლივი შეხვედრა, რის შემდეგაც გაიმართება პრესკონფერენცია.
ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის საკითხში უშუალოდ იყო ჩართული და მან სპეციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონიც მიავლინა თბილისში. ხანგრძლივი მოლაპარაკებები საბოლოოდ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შუამდგომლობით შემუშავებულ დოკუმენტზე ხელმოწერით დასრულდა.