ზელენსკი გათავისუფლებულ მეზღვაურებზე: გადაწყვეტილება შეესაბამება ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმი ზელენსკი უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლების საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას შეესაბამება.

„2020 წლის ნოემბრიდან ჩვენ ვმუშაობდით საქართველოში დაკავებული უკრაინელი მეზღვაურების იური ხომიჩისა და ვლადიმირ დიაჩენკოს გათავისუფლებაზე. დღეს საქართველომ ისინი გაათავისუფლა პატიმრობიდან. მადლობელი ვარ ქართული მხარის ამ გადაწყვეტილებისთვის, რომელიც შეესაბამება ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორების სულისკვეთებას“, – წერს ზელენსკი Twitter-ზე.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა სამი პირი, რომელსაც საქართველო ტეიტორიულ წყლებში საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებოდა.

დაკავებულებიდან ორი უკრაინელი მეზღვაური იყო, ერთი კი საქართველოს მოქალაქე.

უკრაინის მოქალაქეები იური ხომიჩი და ვლადიმერ დიაჩენკო და საქართველოს მოქალაქე – მიხეილ ბატურინი 2020 წლის 28 ნოემბერს დააკავეს. მათ პატიმრობა 14 ივლისს მიუსაჯეს.