მაია სანდუ: კონფერენციაზე განვიხილავთ, როგორ გავაძლიეროთ მოლდოვის, საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობები, ერთად უფრო ძლიერები ვართ

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ აცხადებს, რომ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში განხილული იქნება მოლდოვის, საქართველოსა და უკრაინის სამმხრივი ურთიერთობების გაძლიერების გზები და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი.

„მოუთმენლად ველოდები დღევანდელ დღეს ბათუმში, სადაც შევხვდები საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს ბათუმის 2021 წლის კონფერენციის ფარგლებში, რომელზეც განვიხილავთ, როგორ გავაძლიეროთ მოლდოვის, საქართველოსა და უკრაინის სამმხრივი ურთიერთობები და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი, ერთად უფრო ძლიერები ვართ“, – წერს მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ Twitter-ზე.

მაია სანდუ ბათუმის მე-17 ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. კონფერენციის ცენტრალური საკითხი ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის გაღრმავებული თანამშრომლობა იქნება, რომლებმაც, ცოტა ხნის წინ, ასოცირებული სამეულის ფორმატი შექმნეს.

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ გაიმართება