საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ გახსნა.
დავით ზალკალიანის თქმით, ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან ერთად, მოიცავს ეკონომიკური შესაძლებლობების, რეგიონული განვითარებისა და სხვა საკითხებს.
მისივე თქმით, ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია არის ასევე შესაძლებლობა, ურთიერთობები დამყარდეს ასობით მონაწილეს შორის.
"ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია თავის დროზე ჩაფიქრებული იყო როგორც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის განხილვის შესაძლებლობა. თავიდანვე, ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენელი წევრი სახელმწიფოების პარლამენტის და მთავრობის წევრები, ასევე მეცნიერები და ანალიტიკოსები ჩართული იყვნენ ევროპული ინტეგრაციის საკითხებისა და გამოწვევების განსახილველად, შესაძლებლობების განსახილველად, რომელიც გვეძლევა ამ გზაზე, იმ ახალი იდეების განსახილველად, რომელიც ეხება ევროკავშირთან ჩვენს კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას.
კონფერენცია ახალ ეტაპზე გადადის და უფრო გამორჩეული მონაწილეები ესწრებიან მას. დღის წესრიგიც განსაკუთრებით შეცვლილია და მოიცავს რეგიონულ განვითარებას, ეკონომიკურ შესაძლებლობებს, უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებს შავი ზღვის რეგიონში და აღმოსავლეთ პარტნიორობის სფეროში.
ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია არის ასევე შესაძლებლობა, ურთიერთობები დამყარდეს ასობით მონაწილეს შორის და ალბათ ეს გვაკლია ყველაზე მეტად დღეს" - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
მისი თქმით, "დღევანდელი შეკრების ბოლო აკორდი იქნება ლიდერების შეხვედრა".
"ევროპული საბჭოს, საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკისა და უკრაინის პრეზიდენტები შეიკრიბებიან. ეს იქნება პირველი ერთობლივი შეხვედრა ასოცირების პარტნიორების ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან. მიმაჩნია, რომ ეს განსაკუთრებული შეხვედრა იქნება ერთობლივი ნაკისრი ვალდებულების მაგალითი ევროკავშირის და ასოცირების პარტნიორების მიმართ", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.