ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს, ევროკავშირისა და ამერიკელი მეგობრების ძალისხმევით, ჩვენი დემოკრატია ფორმაშია

"დღეს ჩვენი დემოკრატია ფორმაშია ევროკავშირისა და ამერიკელი მეგობრების ძალისხმევით, რომელსაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ხელმძღვანელობს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე - „საქართველოს ევროპული გზა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ დიპლომატია წარმატებით მუშაობს ძლიერ თავდაცვასა და ურთიერთდახმარებასთან ერთად.

"დიპლომატიურ ფრონტზე, შეერთებულ შტატებთან გუნდური თანამშრომლობით, ჩვენ ცოტა ხნის წინ შევძელით სომეხი პატიმრების გათავისუფლება, აზერბაიჯანში ნაღმების უსაფრთხო განეიტრალების უზრუნველსაყოფად საჭირო ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში მთელი ეს საქმიანობა გლობალური პანდემიის ფონზე ხორციელდებოდა, რომელიც არ ზოგავს არც ერთ ქვეყანას, არც ერთ ერს, არც ერთ ეკონომიკურ კლასს.

საქართველომ პანდემიას თავი დააღწია განახლებული ძალებით და შემართებით, ყურადღება გაამახვილა NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე და თან თავის წილ საქმეს აკეთებს რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში.

დღეს ჩვენი დემოკრატია ფორმაშია ევროკავშირისა და ამერიკელი მეგობრების ძალისხმევით, რომელსაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ხელმძღვანელობს. განახლებული მრავალმხრივი მხარდაჭერისა და ფინანსური დახმარების შედეგად, ნორმალური მდგომარეობა ბრუნდება, დემოკრატია მუშაობს და ჩვენს ეკონომიკაში აღმავლობა იწყება.

გლობალური პანდემიით შექმნილი გამოწვევის შედეგი ის არის, რომ ყველამ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი პირობისა და ნაკისრი ვალდებულებების შესრულება უფრო ფართო განზომილებაში. დიახ, ჩვენი ხალხის უსაფრთხოება, დაცულობა და ჯანმრთელობა ჩვენი უპირველესი პრიორიტეტია, მაგრამ მათი მომავალი მსოფლიოში ჩვენს წარმატებულ თანამშრომლობას უკავშირდება. ეს არის ჩვენი ვალდებულება ჩვენი ხალხის წინაშე და ეს არის ჩვენი ვალდებულება თქვენს წინაშე. ამიტომ, უდავოდ შეგიძლიათ დაეყრდნოთ საქართველოს“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ევროკავშირი და შეერთებული შტატები იყვნენ სამაგალითო პარტნიორები საქართველოს უსაფრთხოების, ეკონომიკის და დემოკრატიის განმტკიცების მიმართულებით.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საერთაშორისო ფორმატში მხოლოდ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უზრუნველყო მუშაობა და მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საოკუპაციო ძალების პროვოკაციების აღკვეთას 2008 წლის რუსული აგრესიის შემდეგ. ევროკავშირი და შეერთებული შტატები იყვნენ სამაგალითო პარტნიორები ჩვენი უსაფრთხოების, ჩვენი ეკონომიკის და ჩვენი დემოკრატიის განმტკიცების მიმართულებით. ჩვენ ახალგაზრდა დემოკრატია ვართ, მაგრამ ვუსმენთ, ვსწავლობთ და ვვითარდებით, თან ვცდილობთ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მეტ ინტეგრაციას.

როგორც ჩემი გამოსვლის დასაწყისში ვთქვი: მოდით, აქ ყველამ დავდოთ პირობა, რომ ჩვენს რეგიონს შესაძლებლობების ოაზისად ვაქცევთ და არ დავტოვებთ კონფლიქტების რეგიონად. ყველას დიდ მადლობას გიხდით საქართველოში ჩამოსვლისთვის. გმადლობთ, მსოფლიოს დახმარებისთვის, რათა ის დაუბრუნდეს ნორმალურ მდგომარეობას. გმადლობთ, ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების განვითარებისათვის.

ყველას გულწრფელად გისურვებთ წარმატებულ კონფერენციას, რათა უფრო მეტი თანამშრომლობა აკავშირებდეს ჩვენს ერებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.