რას გულისხმობს ერთობლივი დეკლარაცია, რომელსაც საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს

,,აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამი ასოცირებული ქვეყნის - საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის პრეზიდენტებმა, სალომე ზურაბიშვილმა, მაია სანდუმ დაა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პეტრას ციხეზე ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას. დეკლარაციაზე ხელოწერის ღონისძიებას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელიც ესწრებოდა.

დეკლარაციაზე ხელმოწერით, პრეზიდენტები პირობას დებენ, რომ ერთად იმუშავებენ, რათა სამი ქვეყნისთვის „მშვიდობიანი, დემოკრატიული და აყვავებული ევროპული მომავალი“ უზრუნველყონ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი ასოცირებული ქვეყნის პრეზიდენტების დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ სამ ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი აერთიანებს.

,,ევროპულ ინტეგრაციას, ჩვენი ქვეყნებისთვის ალტერნატივა არ გააჩნია და ამ სუვერენულ არჩევანზე ვერცერთი მესამე მხარე გავლენას ვერ მოახდენს. ევროკავშირთან ურთიერთობაში ჩვენ უკვე მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს.

ჩვენ ზურგს გვიმაგრებს ჩვენი ხალხების ძლიერი სურვილი გავხდეთ ევროპული ოჯახის ნაწილი და ერთად ვართ ჩვენს მისწრაფებაში ვიმუშაოთ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროპული პერსპექტივის აღიარებისთვის, რომელიც ევროკავშირში ჩვენი სამი ქვეყნის მომავალ წევრობას გაუხსნის გზას“, - აღნიშნულია დეკლარაციაში.

დეკლარაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს სამი ქვეყნის ურყევ მიზანს, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიზნით ყოვლისმომცველი რეფორმების განხორციელების გზით ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი წინ წავიდეს, ხოლო შესაბამისი სფეროების კანონმდებლობა ევროკავშირის კანონებს დაუახლოვდეს.

ხელმომწერმა ქვეყნებმა ასოცირების შეთანხმებების სრულფასოვნად განხორციელების პირობა დადეს და აღნიშნეს, რომ საერთო ინტერესის მქონე სფეროებში კონკრეტული პრიორიტეტების დასადგენად იმუშავებენ, რათა გააღრმავონ პოლიტიკური დიალოგი და ევროკავშირთან ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაცია გააძლიერონ, ისეთ სფეროებში, როგორებიცაა - ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ციფრული ტრანსფორმაცია, მწვანე ეკონომიკა, მართლმსაჯულება და საშინაო საქმეები, სტრატეგიული კომუნიკაციები და ჯანდაცვა.

დოკუმენტი მხარდაჭერას უცხადებს აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმას, რომელიც საერთო მფლობელობაზე, ურთიერთვალდებულებებზე, ასევე დიფერენცირებისა და ინკლუზიურობის პრინციპებზე იქნება დაფუძნებული. დეკლარაციაში ნათქვამია, რომ სამი სახელმწიფო ერთად იმუშავებს სხვა დაინტერესებულ პარტნიორებთან და ევროკავშირის ინსტიტუტებთან, რათა უზრუნველყოს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა შეიმუშავებს სტრატეგიულ, პროგრესულ დღის წესრიგს და ძლიერ დ ეფექტურ პლატფორმად დარჩება.

სამმა ქვეყანამ ევროკავშირთან ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკაზე (CSDP) თანამშრომლობის პირობა დადო, რაც ასევე მოიცავს ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაპირისპირებას, კიბერ საფრთხეების წინააღმდეგ მედეგობის გაძლიერებას, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას, ევროკავშირის შესაბამის სააგენტოებთან და სამსახურებთან თანამშრომლობის პლატფორმების განვითარებას, CSDP-ის მისიებსა და ოპერაციებში მონაწილეობას, ასევე მსოფლიოში მშვიდობის დამყარების კუთხით ევროკავშირის ძალისხმევაში წვლილის შეტანას.

რაც შეეხება შავი ზღვის უსაფრთხოებას, სამმა ქვეყანამ პირობა დადო, რომ პარტნიორებთან ერთად შავი ზღვის რეგიონის მდგრად განვითარებას შეუწყობენ ხელს, ასევე სრულად გამოიყენებენ ყველა იმ შესაძლებლობას, რასაც შავი ზღვა სთავაზობს, ევროპასა და აზიას შორის უფრო ფართო და უსაფრთხო კავშირის დასამყარებლად.