საუდის არაბეთიდან საზღვარგარეთ გამგზავრება მხოლოდ სრულად ვაქცინირებულებს შეეძლებათ

საუდის არაბეთის ყველა მოქალაქეს, ვისაც საზღვარგარეთ გამგზავრება სურს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზის გაკეთება მოეთხოვება. ამის შესახებ ინფორმაციას, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით, Timeofisrael-ი ავრცელებს.

"2021 წლის 9 აგვისტოდან, COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზის გაკეთება ყველა მოქალაქის საზღვარგარეთ გამგზავრების პირობა იქნება", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

აქამდე საზღვარგარეთ გასამგზავრებლად ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზის გაკეთება იყო სავალდებულო.

ამ ვალდებულებისგან თავისუფლდებიან 12 წლამდე ასაკის ბავშვები, ჯანმრთელობის დაზღვევის მქონე პაციენტები, ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსით გამოჯანმრთელებული პაციენტები და ყოფილი კოვიდპაციენტები, რომლებმაც მიიღეს ვაქცინის ერთი დოზა.

გარდა ამისა, მხოლოდ ვაქცინირებულ თანამშრომლებს შეეძლებათ დაუბრუნდნენ თავიანთ სამუშაო ადგილებს, იქნება ეს სახელმწიფო თუ კერძო სექტორში.

როგორც ცნობილია, ოფიციალურმა პირებმა მაისში განაცხადეს, რომ ვაქცინები სავალდებულო იქნება საზოგადოებრივ და კერძო სივრცეებში შესასვლელად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩათვლით.