ერდოღანი: თალიბანმა ავღანეთის ოკუპაცია უნდა შეწყვიტოს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თალიბებმა უნდა შეწყვიტონ ავღანეთის ოკუპაცია.

„თალიბებმა უნდა შეწყვიტონ თავიანთი ძმების მიწის ოკუპაცია და აჩვენონ მსოფლიოს, რომ ავღანეთში მშვიდობა სუფევს“, - განაცხადა თურქეთის პრეზდენტმა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თალიბების მიდგომა არ არის ის გზა, რომელიც მუსლიმებმა ერთმანეთთან ურთიერთობებში უნდა გამოიყენონ.

მანამდე, 15-მა დიპლომატიურმა მისიამ და NATO-ს წარმომადგენლობამ ქაბულში ერთობლივ განცხადება გაავრცელეს და თალიბებს თავდასხმების შეწყვეტისკენ მოუწოდეს.

„ყურბან-ბაირამის დღესასწაულზე თალიბებმა სამუდამოდ უნდა დაყარონ იარაღი და აჩვენონ მსოფლიოს სამშვიდობო პროცესისადმი მათი ერთგულება”, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

ერთობლივ განცხადებას მხარი დაუჭირა ავსტრალიამ, კანადამ, ჩეხეთმა, დანიამ, ფინეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ, იაპონიამ, კორეამ, ნიდერლანდებმა, ესპანეთმა, შვედეთმა, ბრიტანეთმა, ევროკავშირის დელეგაციამ და შეერთებულმა შტატებმა, ასევე ნატო-ს სამოქალაქო წარმომადგენელმა.