"ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები, პარტნიორებთან ერთად, ააშკარავებენ მავნე კიბერ საქმიანობას, რამაც მნიშვნელოვნად იმოქმედა ჩვენს ეკონომიკაზე, უსაფრთხოებაზე, დემოკრატიასა და ზოგადად საზოგადოებაზე. ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ამ მავნე კიბერ აქტივობებს აფასებენ, როგორც ჩინეთის ტერიტორიიდან განხორციელებულს", - ამის შესახებ ინფორმაცია საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა გაავრცელა.
ევროკავშირში აცხადებენ, რომ Microsoft Exchange Server-ის კომპრომეტირებამ ათასობით კომპიუტერისა და ქსელების უსაფრთხოება შეარყია, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ინსტიტუტებში.
"ჩვენ ასევე აღმოვაჩინეთ მავნე კიბერ აქტივობები მნიშვნელოვანი შედეგებით, რომლებიც მიზნად ისახავდა ევროკავშირსა და წევრ ქვეყნებში, სამთავრობო ინსტიტუტებსა და პოლიტიკურ ორგანიზაციებზე თავდასხმას, აგრეთვე ევროპულ საკვანძო ინდუსტრიებზეც. ეს საქმიანობა შეიძლება დაკავშირებული იყოს ჰაკერულ ჯგუფებთან, რომლებიც ცნობილია როგორც Advanced Persistent Threat 40 და Advanced Persistent Threat 31 და ჩატარებულია ჩინეთის ტერიტორიიდან ინტელექტუალური საკუთრების ქურდობისა და ჯაშუშობის მიზნით.
ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები მკაცრად გმობენ ამ მავნე კიბერ საქმიანობას. ჩვენ მოვუწოდებთ ჩინეთის ხელისუფლებას, არ დაუშვან მისი ტერიტორიის გამოყენება მავნე კიბერ აქტივობებისთვის და მიიღონ ყველა შესაბამისი ზომა და გადადგან გონივრული და შესაძლო ნაბიჯები სიტუაციის დასადგენად, გამოსაკვლევად და გამოსასწორებლად.
ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს გადაწყვეტილებას, გავაგრძელოთ კიბერ სივრცეში მავნე საქციელის წინააღმდეგ ბრძოლა", - ნათქვამია განცხადებაში.
ჩინეთს კიბერსივრცეში პასუხისმგებლიანი ქცევისკენ მოუწოდებს NATO-ც.
"ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ყველას, ვინც ბოლოდროინდელი მავნე კიბერსაქმიანობის შედეგად დაზარალდა, მათ შორის Microsoft Exchange Server-ის კომპრომეტირების შედეგად. ასეთი მავნე კიბერსაქმიანობა ძირს უთხრის კიბერსივრცეში უსაფრთხოებას, ნდობასა და სტაბილურობას.
ჩვენ ვაღიარებთ მოკავშირეთა ეროვნული განცხადებებს, როგორიცაა კანადა, დიდი ბრიტანეთი და შეერთებული შტატები, რომ Microsoft Exchange Server– ის კომპრომისზე პასუხისმგებლობა მიაკუთვნეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას. ბრიუსელის სამიტის კომუნიკეს შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს, მათ შორის ჩინეთს, დაიცვან თავიანთი საერთაშორისო ვალდებულებები და პასუხისმგებლობებით იმოქმედონ საერთაშორისო სისტემაში, მათ შორის კიბერ სივრცეში", - ნათქვამია განცხადებაში.