სემინარებსა და ტრენინგებზე დასასწრებად კორონავირუსის სწრაფი ტესტის ჩატარებაც საკმარისი იქნება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სემინარებსა და ტრენინგებზე დასასწრებად ე.წ. სწრაფი ტესტის ჩატარებაც საკმარისი იქნება. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, ეს კეთდება იმისათვის, რომ ტრენინგები და სემინარები გაგრძელდეს და იყოს უსაფრთო.

"სწრაფი ტესტებიც დაშვებულია. ტურიზმის ადმინისტრაციას სექტორთან კომუნიკაცია ყოველდღიურ რეჟიმში აქვს. შეიძლება რაღაცა დაზუსტდებას საჭიროებდეს, იმიტომ, რომ იცით, რომ უწყებათაშორისი საბჭო ისეთ ვითარებაში ვიღებთ გადაწყვეტილებას, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია სწრაფი გადაწყვეტილების მიღება. თუმცა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ კომუნიკაცია იყოს სრული. ეს არის ძალიან კარგი გადაწყვეტილება იმისთვის, რომ ტრენინგები და სემინარები არ დაიკეტოს, არ აიკრძალოს და გაგრძელდეს, მაგრამ იყოს აბსოლუტურად უსაფრთხო. ჩვენ გავითვალისწინეთ ინდუსტრიის მოთხოვნა და სწრაფ ტესტებზეც არის საუბარი, არამარტო PCR-ზე. ეს უფრო მარტივს ხდის ამ რეგულაციის შესრულებას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ბანაკის ტიპის შეკრებები იკრძალება, კონფერენციებზე, სპორტულ ტურნირებზე რეგულაციები წესდება