ენტონი ბლინკენი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სვეტლანა ტციხანოვსკაიას შეხვდა. ამის შესახებ ბლინკენმა Twitter-ში დაწერა.

როგორც ბლინკენი წერს, შეხვედრაზე მხარეებმა ბელარუსში არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზები განიხილეს.

"სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ვიქტორია ნულანდთან ერთად შევხვდი ბელორუსის დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერს, სვეტლანა ციხანოვსკაიას. ჩვენ განვიხილეთ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის შესაძლო გზები: პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ყოვლისმომცველი დიალოგი და ახალი არჩევნები", - წერს ბლინკენი.

თავის მხრივ, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ აშშ-ს მოუწოდა, ბელარუსის დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისთვის დახმარების პაკეტი მიიღოს. გარდა ამისა, მან ოფიციალურ ვაშინგტონს ბელარუსის სამოქალაქო საზოგადოების დახმარების გაფართოება სთხოვა.

"მე მივმართე შეერთებულ შტატებს, განამტკიცონ დახმარება ჩვენი სამოქალაქო საზოგადოებისთვის, მოახდინონ ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლა რეჟიმის მიმართ და მიმართოს რუსეთს, რომ კონსტრუქციული როლი ითამაშოს კრიზისის მოგვარებაში", - წერს სვეტლანა ტიხანოვსკაიას Twitter-ში.