"მოსახლეობა მოშვებულია, პირბადეს დახურულ სივრცეებშიც აღარ ატარებენ და დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ღია სივრცეებშიც დაწესდეს პირბადესთან მიმართებაში რეგულაციები", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭოზე იყო მსჯელობა და გარკვეული გამკაცრებები იქნება.
"ეპიდსიტუაცია გაუარესებულია, დღეს იყო ამ საკითხზე მსჯელობა საკოორდინაციო საბჭოზე. ყველა ინდიკატორი, რაც ეპიდსიტუაციას ახასიათებს, მხედველობაში მაქვს ახალი შემთხვევების რაოდენობა, 100 ათას მოსახლეზე დადებითობის მაჩვენებელი, რეპროდუქციის ინდექსი გაუარესებულია.
ჩვენ ვართ ახლა იმ დონეზე, როგორც ვიყავით მესამე ტალღის პიკზე, სადღაც 17 მაისს, ასევე დღევანდელი ეპიდსიტუაცია გახლავთ მსგავსი, რაც გვქონდა ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში, როცა ნოემბრის ბოლოს მივდიოდით პიკისკენ, ამიტომ, ეს საყურადღებოა. ჩვენ ყველა ინდიკატორით გადავედით წითელ ზონაში. აქამდე ჯონ ჰოპკინსის რუკაზე ვიყავით ნარინჯისფერი, ახლა ვართ წითელ ზონაში. ეს არის განგაშის ერთ-ერთი მთავარი მოცემულობა. შესაბამისი ღონისძიენები უნდა მივიღოთ. საბჭოზე იყო მსჯელობა და რა თქმა უნდა, რიგი გამკაცრებები იქნება. პირველ რიგში, აღსრულებასთან მიმართებაში.
მოშვებულია მოსახლეობა, პირბადის ტარება დახურულ სივრცეებშიც აღარ მიმდინარეობს და დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ღია სივრცეებშიც დაწესდეს პირბადესთან მიმართებაში რეგულაციები. თქვენ იცით, რომ ჩვენ ვიძლეოდით რეკომენდაციებს ღია სივრცეში, სადაც იკრიბება გარკვეული ადამიანები და არის კოლექტიური შეკრებები, აუცილებელი ყოფილიყო ნიღბის ტარება. დღეს ამის შესახებ გადაწყვეტილება არის და შტაბი დაამუშავებს ამ საკითხს და შებამისი ცვლილებები შევა პირბადის ტარებასთან დაკავშირებით, ისეთ ღია სივრცეებში, სადაც ადამიანთა გარკვეული რაოდენობა შეიკრიბება. ამაზე დავალება მიეცა საკოორდინაციო შტაბს და შემუშავდება ეს რეკომენდაციები და მალე შევა განკარგულებაში", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 2 500-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა