საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მიმართავს, ჩაერთონ ვაქცინაციაში და დაიცვან რეგულაციები, რათა ქვეყანა შეზღუდვების ხელახლა დაწესების აუცილებლობის წინაშე არ დადგეს

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის ზრდა, ჰოსპიტალურ სექტორში არსებული ვითარება და ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ამის შესახბე ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრისას აღინიშნა, რომ გასული 24 საათის განმავლობაში, ინფიცირების 2600-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, რაც საყურადღებო მაჩვენებელია.

"მთავრობა სიტუაციას სრულად მართავს, თუმცა აუცილებელია ხელისუფლებისა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევა, რათა ეპიდემიოლოგიური ვითარება მკვეთრად არ გაუარესდეს და ქვეყანა შეზღუდვების ხელახლა დაწესების აუცილებლობის წინაშე არ დადგეს. პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჯანდაცვის უწყება ჰოსპიტალურ სექტორში დამატებითი საწოლების მობილიზაციის კუთხით დამატებით ნაბიჯებს გადადგამს. სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე მობილიზებული 5700-ზე მეტი საწოლიდან, თავისუფალია დაახლოებით 1300 ადგილი და ეს რაოდენობა კიდევ გაიზრდება, ასევე, დეფიციტი არ არსებობს ბავშვთა საწოლფონდის კუთხით.

საბჭოს წევრებმა განიხილეს ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა, რომელიც აქტიურად გრძელდება. აღინიშნა, რომ ქვეყანაში ჯამურად მობილიზებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინების - Sinopharm-ის და Sinovac-ის ჯამში 1,5 მილიონი დოზა. ვაქცინაცია გრძელდება Astrazeneca-თი, ასევე - Pfizer-ის ვაქცინით, რომლის დამატებით დოზებს ქვეყანა უახლოეს დღეებში ელოდება. ამასთან, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო აქტიურად და სწრაფად წარმართვისთვის მოკლე ვადაში მომზადდება მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები, მათ შორის სავაჭრო ცენტრებში.

საბჭოს წევრებმა, ინტენსიური ვაქცინაციის პროცესის პარალელურად, ხაზი გაუსვეს დადგენილი რეგულაციების დაცვის აუცილებლობას, რათა თავიდან იყოს აცილებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება. როგორც ცნობილია, პირბადის ტარება კვლავ სავალდებულოა დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, გაჩერებებზე, ბაზრობებსა და ხალხმრავალი შეკრების ადგილებში.

19 ივლისიდან ამოქმედდა მთავრობის შესაბამისი დადგენილება, რომლის თანახმად, ტრენინგებზე, კონფერენციებსა და სემინარებზე დაიშვებიან მხოლოდ სრულად ვაქცინირებული მონაწილეები, ან პირები, წინასწარი PCR თუ ანტიგენ-ტესტირების საფუძველზე;

ასევე, აკრძალულია ბანაკის ტიპის შეკრებები, მათი ორგანიზაციული ფორმისა და ჩატარების ადგილის მიუხედავად; 18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული ტურნირებისა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ყველა მონაწილის წინასწარი PCR-ტესტირების საფუძველზე.

საბჭოს გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევა სავალდებულო ტესტირების რეგულაციის ნაწილში და სავალდებულო ტესტირებას აღარ დაექვემდებარებიან სრულად ვაქცინირებული პირები.

ამასთანავე, მთავრობის დადგენილებით, როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში, კვლავ აკრძალულია ისეთი სოციალური ღონისძიებები, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, სხვადასხვა სახის იუბილე და ა.შ", - ნათვვამა განცხადებაში.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 2 500-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა