,,ქართულმა ოცნებამ" თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე დაასახელა

„ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე წარადგინა.

მისი კანდიდატურა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ წარადგინა.

,,თბილისის მერობის კანდიდატად წარმოგიდგენთ ადამიანს, რომელიც იყო მაქსიმალურად წარმატებული ყველა საქმეში, რასაც კი დღემდე მოკიდა ხელი; რომელმაც ყველა წარმატებას მიაღწია ნიჭითა და შრომისმოყვარეობით; რომელიც არის გუნდური მოთამაშე; რომელსაც გამოარჩევს თანამებრძოლების, მეგობრებისა და საკუთარი გუნდის ერთგულება; რომელიც არის სამაგალითო მეოჯახე - სამაგალითო მეუღლე, სამაგალითო მამა, სამაგალითო შვილი; რომელსაც არ ეშინია თამამი გადაწყვეტილებების; რომელმაც ზუსტად იცის, რა ჭირდება თბილისს და თბილისელებს; რომელმაც შექმნა სიცოცხლით სავსე ქალაქის კონცეფცია და ზუსტად იცის, როგორ უნდა შეიტანოს კიდევ უფრო მეტი სიცოცხლე, მეტი განვითარება თბილისის თითოეულ უბანში", - განაცხდა კობახიძემ.

წარდგენას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც ესწრებიან.

აღსანიშნავია, რომ მთაწმინდის პარკში, ,,ოცნების" მერობის კანდიდატის წარდგენის პარალელურად, ჟურნალისტების საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილე ჟურნალისტები ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს ,,ტვ პირველის” გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას, ფოტოებით დახვდნენ.

ცნობისთვის, კახა კალაძე 2013 - დღემდე არის პარტია„ქართული ოცნების“გენერალური მდივანი. 2017 წლიდან 13 ნოემბრიდან არის დედაქალაქის მერი.

2012 - 2017 წლებში ის საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის/ვიცე-პრემიერის თანამდებობასაც იკავებდა.

2008 - 2012 იყო სს„პროგრესბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. ამასთავე 2008 წლიდან დღემდე არის საქველმოქმედო ფონდ „კალაფონდის" დამფუძნებელი.

ხოლო 2008 წლიდან დღემდე, საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფი„კალაკაპიტალი" დამფუძნებელია.