საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი: ბოლო კვირის განმავლობაში, ვირუსის გავრცელება დაახლოებით 150%-ით გაიზარდა

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ოლივიე ვერანმა განაცხადა, რომ ე.წ. ინდური შტამის გავრცელების გამო, საფრანგეთში კორონავირუსის ინფექცია არნახული ტემპით ვრცელდება.

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსი 18 000 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

„ბოლო კვირის განმავლობაში, ვირუსის გავრცელება დაახლოებით 150%-ით გაიზარდა. ეს არნახული მაჩვენებელია“, - აღნიშნა საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა.

19 ივლისს საფრანგეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გაბრიელ ატალმა განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მეოთხე ტალღა დაიწყო.

გაბრიელ ატალმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთში ამ ტიპის ზრდა პანდემიის დაწყებიდან არ დაფიქსირებულა.