ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის(WHO) მონაცემებით, გასულ ერთ კვირაში მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 3 429 645 შემთხვევა აღირიცხა, რაც წინა კვირის მონაცემებს 12%-ით აღემატება.
კვირის განმავლობაში COVID-19-ით გარდაიცვალა 56 767 ადამიანი. წინა კვირასთან შედარებით, ლეტალობის მაჩვენებელი 1%-ითაა გაზრდილი.
WHO-ს ინფორმაციით, რეგიონებს შორის, ბოლო ერთ კვირაში, ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა იყო წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში, სადაც წინა კვირასთან შედარებით მატება 30%-ია. კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 16%-ით გაიზარდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, 15%-ით აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში და 12%-ით ევროპაში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო ერთ კვირაში, გარდაცვალების შემთხვევები 6%-ით შემცირდა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში და 10-12%-ით გაიზარდა წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. წინა კვირასთან შედარებით, ლეტალობის მაჩვენებელი არ შეცვლილა ევროპის რეგიონში, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთსა და აფრიკაში.
პორტალ Worldometers-ის დილის სტატისტიკით, რომელიც ქვეყნების ოფიციალურ მონაცემებს ეფუძნება, პანდემიის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირდა 192 მილიონზე მეტი ადამიანი. COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 4 მილიონს აჭარბებს. სააგენტო Bloomberg-ის მონაცემებით, ამ დროისთვის მსოფლიოს 179 ქვეყანაში გაკეთებულია ვაქცინების 3 მილიარდზე მეტი დოზა.