აშშ-მა და გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტზე შეთანხმებას მიაღწიეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომ აშშ-მა და გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტზე შეთანხმებას მიაღწიეს.

ვიქტორია ნულანდის განცხადებით, მიღწეული შეთანხმების თანახმად, გერმანიამ ვალდებულება აიღო, ზომები მიიღოს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ენერგომატარებლის უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებას შეეცდება ან თუ უკრაინის მიმართ აგრესიულ ქმედებას ჩაიდენს.

აღნიშნული მოიცავს გერმანიის მიერ ზომების გატარებას როგორც ეროვნულ, ასევე ევროკავშირის დონეზე, მათ შორის სანქციების დაწესებას.

ნულანდის თქმით, ვაშინგტონი და ბერლინი 21 ივლისს ერთობლივ განცხადებას გაავრცელებენ გაზსადენის შესახებ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბაიდენის ადმინისტრაცია უარს იტყვის ბოლო წლების პოლიტიკაზე, რომლითაც ვაშინგტონი მილსადენის ეწინააღმდეგებოდა. შეთანხმების ფარგლებში, გერმანია უკრაინას ენერგოსფეროსთან დაკავშირებული პროექტების განხორციელებასა და დიპლომატიურ ძალისხმევაში დაეხმარება.

შეთანხმების ფარგლებში, გერმანია და აშშ 1 მილიარდ დოლარამდე ინვესტიციას ჩადებენ უკრაინის "მწვანე ენერგიის" ინფრასტრუქტურაში, რაც განახლებად ენერგიას და მასთან დაკავშირებულ ინდუსტრიებს გააძლიერებს. გარდა ამისა, გერმანია დანიშნავს სპეციალურ წარმომადგენელს, რომელიც მხარს დაუჭერს ორმხრივ ენერგეტიკულ პროექტებს უკრაინასთან.

როგორც ცნობლია, შეთანხმება ძალაში 2024 წლამდე იქნება.