ოკუპირებულ აფხაზეთში 1 ოქტომბრიდან ელექტროენერგიის გათიშვები დაიწყება. ამის შესახებ დღეს კომპანია "ჩერნომორენერგოს" წარმომადგენლებმა "ენგურჰესის" ხელმძღვანელ ლევან მებონიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს.
«მაღალი ალბათობით, 1 ოქტომბრიდან შემოღებული იქნება შეზღუდვები მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის მიწოდებაზე – ე.წ. მარაოსებური გათიშვები. განრიგს მოსახლეობას წინასწარ შევატყობინებთ», – განაცხადა დღეს კომპანია “ჩერნომორენერგოს” ოპერატიულ-ტექნიკური სამმართველოს დირექტორმა რუსლან ქვარჩიამ.
"ენგურჰესის" ხელმძღვანელ ლევან მებონიას განცხადებით, 2021 წლის 15 თებერვლისთვის აფხაზეთში ელექტროენერგიის დეფიციტმა შესაძლოა, 150 მლნ კვტ/სთ შეადგინოს.ამასთან, სარემონტო სამუშაოების გამო 15 თებერვალს ელექტროსადგურის მუშაობა რამდენიმე თვით შეჩერდება.
ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სოხუმი მოსკოვთან ელექტროენერგიის გადაქაჩვის საკითხს განიხილავდა.
«ენგურჰესი» აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს. სადგურის დადგმული სიმძლავრე 1300 მვტ-ს შეადგენს. კაშხალი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა განთავსებული, მართვის პულტი – აფხაზურ მხარეს.