"აიისამ" სტრასბურგის სასამართლოში დავა მოიგო

პრეზერვატივების მწარმოებელმა კომპანიამ “აიისა” ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ დავა მოიგო. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აიისას საქმეში კონვენციის მეათე მუხლის დარღვევა დაადგინა. კონვენციის მეათე მუხლი გამოხატვის თავისუფლებას ეხება.

კომპანიის დამფუძნებლის ანანია გაჩეჩილაძის ინტერესებს სტრასბურგში ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" იცავდა.

სასამართლო აღნიშნავს: “სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ ღირებულებებს შორის ლეგიტიმური ბალანსის დაცვისას, საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებაზე არსებითი გავლენა იქონია საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წევრების შეხედულებებმა ეთიკურ საკითხებთან დაკავშირებით. მსგავსი მიდგომა ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტს, რომლის მიხევითაც, „დაუშვებელია კონკრეტული პირის ან პირთა ჯგუფის ზნეობრივი ნორმების ან მსოფლმხედველობის საზოგადოების სხვა ჯგუფებზე თავსმოხვევა სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის სასამართლოს მეშვეობით.“ ასევე ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს. სასამართლო იმეორებს, რომ პლურალისტურ დემოკრატიულ საზოგადოებაში, ვინც ირჩევს რელიგიის გამოხატვის თავისუფლებას, უნდა შეეგუოს და მიიღოს სხვების მიერ მათი რელიგიური მრწამსის უარყოფა და სხვების მიერ მათი რწმენისადმი მტრულად განწყობილი დოქტრინების გავრცელებაც კი“.

ცნობისთვის, 2018 წლის 18 აპრილს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა შეადგინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი ი/მ „ანი გაჩეჩილაძის“ მიმართ.

ოქმის თანახმად ი/მ „ანი გაჩეჩილაძის“ ფეისბუქ გვერდზე, ასევე „აიისა“-ს ბრენდით წარმოებულ პროდუქტზე განთავსდა არაეთიკური რეკლამა, რითაც დაირღვა რეკლამის წარმოების და გავრცელების წესი. თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლის არგუმენტაცია და ი/მ „ანი გაჩეჩილაძე“ ცნო სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძვლით, რაც გულისხმობს რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის დადგენილი წესების დარღვევას. ი/მ „ანი გაჩეჩილაძემ“ აღნიშნული დადგენილება გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. მოსამართლე მურუსიძემ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის დადგენილება.

როგორც საქალაქო, ასევე სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, არაეთიკური იყო ი/მ „ანი გაჩეჩილაძის“ ფეისბუქ გვერდზე და „აიისა“-ს პროდუქციაზე წარმოდგენილი წარწერები და გამოსახულებები, კერძოდ პროდუქტზე დატანილი წარწერა „ჩამოვკრავდი მაგრამ ნათლისღებაა,“ პროდუქტზე დატანილი წარწერა „ძლევაი საკვირველი“ და გამოსახულება - დიდგორის ბრძოლა, პროდუქტზე დატანილი წარწერა „სამეფო კარი თამარში“ და თამარ მეფის გამოსახულება და პროდუქტზე დატანილი ვიზუალი - ქალის მარცხენა ხელის გამოსახულება პრეზერვატივით, რაც სასამართლომ „მაკურთხებელ მარჯვენად“ შერაცხა.