ჟურნალისტებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში ბანერი - „დასაჯეთ მოძალადეები" გადმოფინეს

ჟურნალისტებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში ბანერი - „დასაჯეთ მოძალადეები" ისევ გადმოფინეს. მათ თან ჰქონდათ გარდაცვლილი კოლეგის, "ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოები, რომლებიც დეპუტატებს აჩვენეს.

აღნიშნულს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს ქმედება ჟურნალისტურ საქმიანობას სცდება

"ჩემი თხოვნა იქნება, ჟურნალისტური საქმიანობა ისე განახორციელოთ, როგორც მანამდე ხდებოდა და თქვენი ქმედებებით, რაც ჟურნალისტურ საქმიანობას ცდება, დარბაზში დესტრუქციის და სხდომის ჩაშლის საშუალება არავის მიეცეს.

მოძალადეებიც აუცილებლად დაისჯებიან, აუცილებლად იქნება შესაბამისი რეაგირება, მათ შორის პარლამენტი ბოლომდე გააკონტროლებს - იქნება ეს საგამოძიებო კომისიის თუ სხვა ფორმატში. არსებობს ვიდეო კადრები, მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიება და ყველა უწყება აუცილებლად ანგარიშვალდებული იქნება მთელი საზოგადოების წინაშე. პარლამენტი ნამდვილად იქნება ის ადგილი, სადაც დაისმევა ყველა კრიტიკული კითხვა თუ რაიმე არ მოგვწონს", - განაცხადა კუჭავამ.

მან მედიის მისამართით ასევე განაცხადა, რომ ჟურნალისტებს პროტესტის გამოხატვის უფლება აქვთ და ამის საშუალება ყოველთვის მოეცემათ.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტებმა აღნიშნული ბანერი სხდომათა დარბაზის აივნიდან გასულ კვირასაც, შს მინისტრის მოსმენის დღესაც გადმოჰფინეს, რაც საბოლოოდ, სხდომის დახურვის და ვახტანგ გომელაურის მოსმენის ჩაშლის მიზეზი გახდა.